კახა კახიშვილი მაჟორიტარი დეპუტატების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისა და მოსახლეობის პრობლემებზე დროული რეაგირების მიზნით, მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კახიშვილი მაჟორიტარი დეპუტატების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისა და მოსახლეობის პრობლემებზე დროული რეაგირების მიზნით, მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

დეპუტატი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნას, სადაც მაჟორიტარები მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებს დააყენებენ მათი დროული მოგვარების მიზნით.

კახა კახიშვილმა ამ საკითხზე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მიზანია, მაჟორიტარმა დეპუტატებმა არჩევნების დროს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულონ, ასევე მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დროული, ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი არსებობდეს.

„მაჟორიტარებს ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხვედრა. ამავდროულად, ჩვენთან მოდის ყველანაირი თხოვნა. პარლამენტის მაჟორიტარი რეალურად არის შუამავალი რგოლი მოსახლეობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას და თვითმმართველობას შორის. შესაბამისად, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის კითხვა ისმის და თხოვნა დეპუტატის წინაშე.  სამწუხაროდ, არ არსებობს ქმედითი საბჭო, რომელიც შემდგომში ამ თხოვნებზე, მოთხოვნებზე დროულ რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი განმარტებით, თავად მაჟორიტარს გადაწყვეტილების მიღების არანაირი ბერკეტი არ აქვს, რადგან პარლამენტის წევრია, მაგრამ ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია და შეუძლია, სწორი მიმართულებით დააყენოს შუამდგომლობა, დროულად გადაწყვიტოს პრობლემა. ამისთვის კი, საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობაც.

„ჩვენ ყველას გვესმის პასუხისმგებლობა, რომელიც ხალხის წინაშე ავიღეთ არჩევნების პერიოდში და ამ ვალდებულებებს სჭირდება შესრულება. შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნას გუნდი მინისტრების მოადგილეების წარმომადგენლობით, სადაც მაჟორიტარებს ექნებათ საშუალება, კვირაში ერთხელ ან ორჯერ დააყენონ საკითხები, რომელიც აინტერესებს მოსახლეობას, რათა დროულად გადაწყდეს ეს საკითხები. ზოგ შემთხვევაში, ვიღაცის საკითხზე რომ ვრეკავ და რაღაც კონკრეტულ საკითხს ვითხოვ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება და ისე მესაუბრებიან, თითქოს, ვრეკავ პირად საკითხებზე“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულება მხოლოდ მაჟორიტარს არ აქვს, არამედ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ვალდებულებაცაა.

ასევე დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მიღების საათები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უნდა დააწესონ.

„ცუდი არ იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრის მიღების საათებს დააწესებენ, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები კვირის განმავლობაში დაადგენენ, დადგენილად და არა უბრალოდ შაბლონურად, მოსახლეობასთან შეხვედრის საათებს. გარდა ამისა, საბჭოც დაეხმარება ხელისუფლებას მოსახლეობასთან მეტი მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს“, – აცხადებს კახიშვილი.

როგორც მან აღნიშნა, არის საკითხები, რომელიც ჯანმრთელობას და სხვა მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, შესაბამისად, დროულ რეაგირებას საჭიროებს. ამის ქმედითი მექანიზმები კი არ არსებობს.

„ვთხოვ პარლამენტის ხელმძღვანელობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას, იქნებ, ამასთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართოთ, რათა შეიქმნას მუდმივმოქმედი საბჭო მაჟორიტარებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.