კახა კახიშვილი - ძალადობას საფუძველი ჩაუყარა სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალა ადამიანი, რომელმაც აღიარა, რომ ცოცხლად წვავდა ადამიანს, მან, ფაქტობრივად, თქვა, არ არის პრობლემა, იმოქმედეთ, მე აქ ვარ
ძალადობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალადობას საფუძველი ჩაუყარა ქალბატონმა სალომემ. მან შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პირდაპირ აღიარა, მე ვესროლე, ცოცხლად ვწვავდი ადამიანსო. ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ არ არის პრობლემა, მიდით, ქენით და მე აქ ვარ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
„ადამიანურად ისიც მესმის, იფიქრა, ბავშვისთვის ბევრია ცხრა წელი, მაგრამ გაენახევრებინა, რაღაც გაეკეთებინა. ეგრძნობინებინა, რომ რაღაც ნაწილში შენ დანაშაული უნდა მოიხადო და მერე შეგიწყალებ. მაგრამ არა, მეორე დღესვე, როგორც კი განაჩენი დადგა, შეიწყალა. რატომ?! ეს ხომ სხვებისთვის პირდაპირ მანიშნებელია, რომ მე აქ ვარ, ვიდრე მაქვს ამის ბერკეტი, მიდით, იმოქმედეთ. ამასობაში არის მეორე მხარე, რომელიც თვეების მანძილზე ითმენდა ამ შეურაცხყოფას და ხედავს, რომ ის ადამიანი, ვინც მათ მეგობარს, თანამშრომელს კლავდა, თავისუფალია. რა თქმა უნდა, უჩნდება აგრესია. ამიტომ ყველაფერში საჭიროა ბალანსი და სამართლიანობა. შენ უნდა მოიქცე სამართლიანად, რომ შენ მოგექცნენ სამართლიანად“, – აღნიშნა კახიშვილმა.
ამასთან, კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა შსს-ს თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ ისინი ნამდვილად იდგნენ და იცავდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას.
„იმ აქციაზე რომელიმე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე რომ დამუქრებოდა, დარწმუნებული ვარ, შსს რეაგირებას მოახდენდა. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ამ აქციის შემდეგ, სიტყვით გამომსვლელ რომელიმე ადამიანს, რომელიც ეკამათებოდა პოლიციას, რომ გაუჭირდეს, პოლიცია ისევ მის გვერდზე იდგება და უნდა იდგეს კიდეც. აქ ხათრზე კი არ არის საუბარი, უნდა იდგეს და შეასრულოს ის ამოცანა, რა ამოცანაც აქვს“, – აღნიშნა კახიშვილმა.
მისივე თქმით, 10-ათასიან მიტინგსა და გადაცდომაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
„რომ დაეცვა, ვიტყოდით, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციასო, რომ არ დაეცვა – აბა, შენ რა იცი, რა მოხდაო. რაც მის კომპეტენციაში იყო, თქვა, რომ ამ საქმეს იძიებს დამოუკიდებელი სტრუქტურა. არ შეიძლება, ცალმხრივად დაგმო ძალადობა. როდესაც შენი კოლეგა ქალი დეპუტატის მიმართ აქციაზე ბინძური პლაკატები იფინება და შენ ამას აზიარებ, მეორე დღეს როგორ ითხოვ შენ სამართლიანობას და შენ მიმართ ფაქიზ მოპყრობას, როდესაც ამ ადამიანს შვილები, შვილიშვილები ჰყავს? ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ. არ შეიძლება, მხოლოდ ცალმხრივად რაღაცის შეფასება. როდესაც ტრიბუნაზე მდგომი ადამიანი მუშტს იღებს საფეთქელში და შენ ამაზე არაფერს ამბობ და მეორე მხრივ საუბრობ, დასაფიქრებელია. მე არც ის მომწონს, არც ეს მომწონს.
ახლა ხომ ნახეთ, რა პრეტენზია წარმოთქვეს – ჩვენ რომ მოვედით, რატომ არ გვყავდა გარეთ სპეცრაზმიო. ვერ იძიძგილავეს და სანახაობა ვერ აჩვენეს. რომ ჰყოლოდა, გამართავდნენ. ვიღაცას თავში რაღაცას ჩაარტყამდნენ, ისიც გაბრაზდებოდა, იმას ჩაარტყამდა თავში და ეს ეწყინათ. ამიტომ მოგიწოდებთ, ბატონო შს მინისტრო, აღარ დაიცვათ ისე შენობები. შევიდნენ და ჩაიდინონ მაშინ ის, რისი ჩადენაც უნდათ და ვნახავთ შედეგს, თორემ მერე სხვანაირად საუბრობენ. ისე, ცოტა მიკვირს ადამიანის, რომელმაც საკუთარ საპრეზიდენტო ვადაში ისიც ვერ მოახერხა, თავის ორი შვილს, თუნდაც საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, აქ ეცხოვრა. დღეს საქართველოზე ლაპარაკობს ისე, რომ დარწმუნებული ვარ, მას არანაირი თანამდებობრივი პერსპექტივა საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთი დღეც არ გაჩერდება ამ ქვეყანაში და ერთი დღეც აღარ იფიქრებს ქვეყანაზე. ყველა უნდა დავფიქრდეთ და ჩვენს პატარა ქვეყანას უნდა მოვუაროთ, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. არ შეიძლება პოლიტიკის გამო ერთმანეთის ზიზღი. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, თორემ ამ ზიზღმა გამოიწვია ის ბევრი კატაკლიზმა, რაც ჩვენ გამოვიარეთ ამ წლებში. ამიტომ, სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს, მიუხედავად იმისა, რომელ არხზე მუშაობენ და სოლიდარობა ყველა ქალბატონს, რა თქმა უნდა, მამაკაცსაც, რომელიც იჩაგრება სხვადასხვა პოლიტიკური მიზნის გამო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.