კახა ჯანაშვილი - ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, ყველა ჩემს კოლეგას, ოპერატორს, ჟურნალისტს, ჩვენ დღეს ყველა მოგვკლეს, ყველა ოპერატორი, ყველა ფოტოგრაფი, ყველა ჟურნალისტი
ჩვენ დღეს ყველა მოგვკლეს, 32 წელი გავიდა, რაც ამ ოჯახში შემოვდგი ფეხი და მსგავსი სისასტიკე არ მინახავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა, კახა ჯანაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, ყველა ჩემს კოლეგას, ოპერატორს, ჟურნალისტებს. ჩვენ დღეს ყველა მოგვკლეს, ყველა ოპერატორი, ყველა ფოტოგრაფი, ყველა ჟურნალისტი. ბევრი რამ გვინახავს, აქ არიან ვეტერანი ჟურნალისტები, დაწყებული 9 აპრილიდან, დამთავრებული 5 ივლისამდე, 26 მაისი, 7 ნოემბერი, 20 ივნისი, ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ.
ჩვენი, ოპერატორების მოვალეობა არის ის, რომ ჩვენი თვალით დანახული გაჩვენოთ ყველას. 32 წელი გავიდა, რაც მე ამ ოჯახში შემოვდგი ფეხი და მსგავსი სისასტიკე არ მინახავს ხალხიდან გამომდინარე ეს იყო ზიზღი, რატომ გეზიზღებით, ვერ ვხვდები, თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ, თქვენ ქვეყნისთვის იშრომეთ და იბრძოლეთ.
ჩვენ რა შეგვიძლია ოპერატორებს, ფოტოგრაფებს და ჟურნალისტებს, ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ჩვენი კამერები, დავდოთ მიკროფონები და რა, მერე რა მოხდება? იქნება სრული სიბნელე. აი, ვთხოვ ოპერატორს, ჩემ კოლეგას, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში იღებს, ერთი წუთით ააფარე ხელი ობიექტივზე… აი, მსგავსი სიბნელე გინდათ? ასე გინდათ რომ დაბნელდეთ?
მე დედაეკლესიის შვილი ვარ, პატრიარქი ძალიან მიყვარს, გულწრფელად, ადამიანურად ვიტყვი ერთ რამეს – პატრიარქს არ მოუწოდებია, კურთხევა არ მიუცია, რომ აქ ჟურნალისტები ან ვინმე სცემეთ, ეს არ ყოფილა. ეს ფალავანდიშვილი ვინ არის, ვინ არის ეს სუბიექტი საერთოდ? რას წარმოადგენს? რატომ მიყვებით ამ ადამიანს. გამოიძიეთ, საიდან აქვს ეს ქონება, თუ ასეთი წმინდანი ხარ, გაყიდე და დაურიგე ხალხს“,- განაცხადა კახა ჯანაშვილმა.