კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სექსუალური ძალადობა კონფლიქტის დროს“
გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებში თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: სექსუალური ძალადობა კონფლიქტის დროს“. ინფორმაციას გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის და მიუხედავად უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციისა, არსებული ნორმატიული ბაზის იმპლემენტაცია ეფექტურად ვერ ხორციელდება. იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლის აღსრულების უზრუნველყოფა გადამწყვეტია მსგავსი ტიპის ძალადობის პრევენციისათვის მომავალში. მისი განცხადებით, სექსუალური ძალადობის გამომწვევი მიზეზების, მათ შორის გენდერული უთანასწორობის, დადგენისა და მათზე რეაგირების გარეშე შეუძლებელია ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ადამიანის უფლებები უნივერსალურად დაცულია.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე მოახსენა საბჭოს საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესახებ, უზრუნველყოს პეკინის სამოქმედო გეგმის სრული და ეფექტური იმპლემენტაცია. ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო პრიორიტეტს ანიჭებს გენდერულ თანასწორობას სამოქალაქო ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის, გენდერული პერსპექტივების უსაფრთხოების სექტორსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დანერგვის გზით, რაც მოიცავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქალების ჩართულობას. ამასთან, კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია ადგენს პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისა და კაცებისათვის თანასწორ უფლებებს, თავისუფლებებსა და შესაძლებლობებს, ყველა ფორმის დისკრიმინაციის პრევენციასა და გადაცდომების, სექსუალური ძალადობის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის აღმოფხვრას. თავდაცვის სამინისტრომ გააუმჯობესა საკანონმდებლო ბაზა სამხედრო პირების მიერ სექსუალური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით. 2014 წლიდან ტარდება ტრეინინგები მშვიდობიმყოფელებისთვის, სამშვიდობო ოპერაციებში ჩართვამდე, გენდერული საკითხების შესახებ.
ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად აღნიშნული ძალისხმევებისა, საქართველოს მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალები. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა მოკლებულია ფუნდამენტური ადამიანის უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლებას, ქონების უფლებებს და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას.