კახა იმნაძე თემაზე „პანდემია და უსაფრთხოება“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ვიდეოკონფერენციაში თემაზე „პანდემია და უსაფრთხოება“.
თავის გამოსვლაში იმნაძემ აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ზიანი მიაყენა მთელ მსოფლიოს და გაერო-ს სამ უმთავრეს საყრდენს – მშვიდობას და უსაფრთხოებას, განვითარებასა და ადამიანის უფლებებს, მაგრამ თუ არსებული ჯანდაცვის კრიზისი განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოების დაკნინებას, უარესი კიდევ წინ არის.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გენერალური მდივნის მოწოდების დაუყოვნებელი შესრულება, რაც მიმართულია მსოფლიოს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში სროლის შეჩერებასა და უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაზე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის, მათ შორის, ქალებისთვის, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემიასთან ბრძოლის დროს, საქართველოზე უარყოფითად იმოქმედა წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი წესრიგის უგულვებელყოფის ფაქტმა. იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობამ, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, შეძლო ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შეჩერება, მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სისტემატურად დარტყმის ქვეშ ექცეოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის მხრიდან.
საქართველოს წარმომადგენელმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შექმნა პროპაგანდის მითები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიი, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის წინააღმდეგ, რომელსაც უმთავრესი როლი აკისრია საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში. მისი თქმით, ერთი შეხედვით რუსეთის აბსურდული ბრალდებები, თითქოს საქართველოს მთვარობამ ხელოვნურად გაავრცელა კორონავირუსი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და ამავე რეგიონის მცხოვრებლების ბიოლოგიური ნიმუშები შეაგროვა, სინამდვილეში ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობის დაკარგვას და ასევე, ადგილზე ქაოსის შექმნას.
იმნაძემ აღნიშნა, რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია რუსეთის მხრიდან წარმოადგენს ღია თავდასხმას მოსახლეობის ჯანდაცვაზე და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
კახა იმნაძემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, აიძულოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე, დაუყოვნებლად დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას გაერო-ს ქარტიის მიმართ და მზადაა, წვლილი შეიტანოს წესებზე დამყარებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.