კახა იმნაძე - საქართველომ საჩუქარი გადასცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი, რომელიც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში
დღეს მართლაც ისტორიული დღეა. საქართველომ გადასცა საჩუქარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ეს არის შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ საქართველოს მიერ გაერო-სადმი ვეფხისტყაოსნის სამუზეუმო ეგზემპლარის საჩუქრად გადაცემის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მეორე სართულზე, რომელიც ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.
„ძალიან სასიხარულო ამბავია ეს საქართველოსთვის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დადის გაერო-ში, როგორც ოფიციალური დელეგაცია, ასევე უბრალოდ სტუმრები, ტურისტები. მათ აქვთ სპეციალური ტურები, რომ შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ათვალიერებენ ამ საჩუქრებს. ის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი საჩუქარია გამოფენილი, რომელიც ქართულ ხელნაწერს და ჩვენს ორიგინალურ, განსაკუთრებულ ანბანს უსვამს ხაზს, როდესაც ასეთი სიძველე არის აქ წარმოდგენილი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მნიშვნელობას. ეს საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მეორე სართულზე და ეს არის ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ამ დერეფანში არის ყველა ის ცნობილი დარბაზი, რომელიც ხალხმა იცის და მათ შორის, თუ მოვუხვევთ, ამ საჩუქრის შემდეგ, შევდივართ სწორედ უშიშროების საბჭოს ცნობილ დარბაზში. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უწევს უშიშროების დარბაზში შესვლა, გაივლის ამ საჩუქართან“, – აღნიშნა კახა იმნაძემ.