კახა იმნაძე - სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას საერთაშორისო თანამეგობრობიდან დიდი დაინტერესება აქვს, მათ უკვე აქვთ გამოცდილება, რომ საქართველო რასაც ამბობს, აკეთებს
რაც პრემიერის მიერ ითქვა, სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით, საერთაშორისო თანამეგობრობიდან და დაინტერესებული ქვეყნებიდან კარგი გაწყობა აქვს, რადგან მათ უკვე აქვთ გამოცდილება, რომ რასაც საქართველო ამბობს, ამას აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, კახა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობას პრაქტიკული დახმარება გაუწია ამ საკითხებში.
„რამდენიმე ელჩმა დამირეკა იმ საღამოსვე. უფრო მეტი დეტალი აინტერესებდათ და გადაწყვეტილი გვაქვს, როგორც კი დასრულდება ვიზიტი და ცოტა მეტი დრო გვექნება, ჩემს კოლეგებთან სამუშაო გარემოში მექნება საუბრები, რათა უფრო კარგად განვუმარტო ეს ყველაფერი. რაც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ იყო ცარიელ ნიადაგზე ნათქვამი სიტყვა. თქვენ მოგეხსენებათ იმ შუამავლობის შესახებ, რომელიც საქართველომ გასწია ჩვენს რეგიონში, მაშინ, როდესაც გადაცემული იქნა დანაღმული ველების რუკები, ხოლო მეორეს მხრივ, მოხდა დაკავებული პირების გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა არც რეგიონში, არც რეგიონის გარეთ.
ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა ავღანეთში, ის როლი, რომელიც საქართველომ შეასრულა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, ესეც შეუმჩნეველი არ დარჩენია არავის და ძალიან ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ეს იქნებოდა მთავრობის მეთაური თუ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც ჰქონდათ შეხვედრები ჩვენ დელეგაციასთან, როგორც პრემიერთან, ისე ბატონ დავით ზალკალიანთან, ამას ხაზს უსვამდნენ და დიდი მადლიერებით იყვნენ განწყობილები, რომ საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობას პრაქტიკული დახმარება გაუწია ამ საკითხებში. ასე, რომ ის, რაც დღეს პრემიერის მიერ ითქვა, საერთაშორისო თანამეგობრობიდან და დაინტერესებული ქვეყნებიდან კარგი განწყობა აქვს, იმიტომ, რომ მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ რასაც საქართველო ამბობს, ამას აკეთებს. 2014 წელს, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა გააჟღერა აბრეშუმის გზის ფორუმის იდეა, რამდენი წელია გასული და ეს ფორუმი უკვე ყოველწლიურია და მოქმედებს. ანუ ეს ახალი ინიციატივაც ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ იქნება და იმედი მაქვს, განხორციელდება რეგიონის ქვეყნების და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
ამასთან, კახა იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის საკითხზე ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მკაფიო განცხადება გაკეთდა.
„დეოკუპაცია არ არის მარტივი თემა, რთული საკითხია. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ ჟღერდება საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამ გამოსვლისა, პრემიერს ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა. ყველა შეხვედრაზე ისმება ოკუპაციის საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა მათგანმა იცის იმ გზავნილების შესახებ, რომელიც პრემიერის მხრიდან გაჟღერდა.
ასე რომ, ჩვენ ეს ყველაფერი ერთ საერთო სურათში, ერთ კონტექსტში უნდა დავინახოთ. მუდმივად საჭიროა ასეთი წნეხი, რადგან ერთ დღეში არაფერი არ ხდება. ის, რომ ასეთი გამოსვლა კიდევ ახალი სიმძაფრით აყენებს ამ საკითხს და ყველა უფრო ფოკუსირებული ხდება, ეს ფაქტია, ცხადია და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა შესაბამის დონეებზე“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით, დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები. „სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.