კახა იმნაძე - მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას
11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.
როგოც კახა იმნაძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა.
„სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეფაქტო ანექსიის მიმართულებით და ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა იმნაძემ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით.
„საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. თავიანთ გამოსვლებში ავსტრალიის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტუვას, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინის და შვედეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია. მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და გაეროს წესდების პრინციპებს. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს მოიწონეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა იმნაძემ.
კახა იმნაძის კომენტარს გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი მისია ავრცელებს.