კახა იმნაძე - გაერო-ს წლევანდელი რეზოლუცია უფრო წონადი გახდა, რადგან მისი ინიცირება მოხდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ქვეყანათა ჯგუფის მიერ
გაერო-ს წლევანდელი რეზოლუცია უფრო წონადი გახდა, რადგან მისი ინიცირება მოხდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ქვეყანათა ჯგუფის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, კახა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, გაერო-ში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე რეზოლუციას ძირითად იმ სახელმწიფოებმა არ დაუჭირეს მხარი, რომლებიც თავადაც პრობლემურ ვითარებაში იმყოფებიან და რა თქმა უნდა, იმ სატელიტმა ქვეყნებმა, რომლებიც ბოლომდე არიან მიბმული რუსეთს.
„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით მიიღო საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ადგილნაცვალი პირების სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ყოველწლიურად გაგვაქვს ხოლმე.
მთავარი და საყურადღებო ფაქტი ისაა, რომ შარშანდელთან წლევანდელი რეზოლუცია შედარებით წონადი გახდა, რადგან რეზოლუციის ინიცირება მოხდა არა მხოლოდ საქართველოს მხრიდან, როგორც ხდებოდა წინა წლებში, არამედ – ქვეყანათა ჯგუფის მხრიდან. თანასპონსორები, თანაავტორები გახდნენ სხვადასხვა სახელმწიფოები როგორც ევროპიდან, ასევე – ამერიკის კონტინენტიდან, აფრიკიდან და აზიიდან. 45-მა ქვეყანამ გაუწია სპონსორობა ამ რეზოლუციას. შესაბამისად, ეს დოკუმენტი ამ სახელმწიფოების სახელითაცაა წარდგენილი და არა მხოლოდ საქართველოს სახელით, რაც გარკვეულწილად წონას მატებს.
რეზოლუცია გავიდა 79 ხმით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. 15-მა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი და წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ძირითად ის სახელმწიფოები არიან, რომლებიც გარკვეულ პრობლემურ ვითარებაში იმყოფებიან თვითონაც და რა თქმა უნდა, ის სატელიტი ქვეყნებიც, რომლებიც ბოლომდე არიან მიბმული რუსეთს”, – განაცხადა იმნაძემ.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.