კახა იმნაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ სიტყვით გამოვიდა
კახა იმნაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ სიტყვით გამოვიდა

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ.

გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, განცხადებაში კახა იმნაძემ ისაუბრა გლობალურად შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრეველ გავლენაზე სამოქალაქო პირების მიმართ, კერძოდ კი COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამოქალაქო პირების დაცვის სირთულეებზე.

როგორც იმნაძემ განაცხადა, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართალი როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეებზე და სრულიად იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) 2008 წლის რუსეთის სრულ-მასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამოძიების კუთხით. საოკუპაციო ძალის მიერ თანამშრომლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის მექანიზმების შეშვებაზე უარი კი ართულებს პროგრესს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას მუდმივად არ ეძლევა საშუალება დაიცვას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ორი რეგიონის ხანგრძლივი ოკუპაცია იწვევს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევებს.

იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის დარღვევით, აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის გადაუდებელი გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოწოდების უგულებელყოფით, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ მავთულხლართებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ აღმართვას და ე.წ. „ცეცხლსაწინააღმდეგო“ სანგრების თხრას ორივე ოკუპირებული რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი ერთდროულად მიმდინარეობდა 13 სოფელში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების სიახლოვეს მდებარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „გადასასვლელი ადგილების“ არაჰუმანურმა და უპასუხისმგებლო ჩაკეტვამ გამოიწვია ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უდანაშაულო ადამიანების სიკვდილიანობის ზრდა. რამდენიმე დღის წინ, 20 მაისს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი მაცხოვრებელი, ჯუმბერ მილაძე გარდაიცვალა, იმის გამო, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა არ მისცა მას სამედიცინო ევაკუაციის საშუალება მდგომარეობის კრიტიკულ გაუარესებამდე. გასული წლის სექტემბერს საოკუპაციო ხაზი დახურვის შემდეგ, ეს უკვე 14-ე ეთნიკურად ქართელის სიკვდილია.

საქართველოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული მძიმე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია არ უშვებს არცერთ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუშვას ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დაუყოვნებელი და უპირობო შესვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების პირობებში უაღრესად საჭიროებენ დახმარებას.