კახა იმნაძე ბირთვული ცდების წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვირტუალური პლენარული შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
კახა იმნაძე ბირთვული ცდების წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვირტუალური პლენარული შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფის სახელით, რუსეთის ფედერაციის გამოკლებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვირტუალური მაღალი დონის პლენარული შეხვედრის ფარგლებში, ბირთვული ცდების წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, თავის გამოსვლაში იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ბირთვული ცდები ადამიანებს, გარემოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას უქმნის. აღინიშნა, რომ უკანასკნელი შვიდი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტი ბირთვული ცდა ჩატარდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და მნიშვნელოვნად დააბინძურა ჩვენი პლანეტის გარემო.

კახა იმნაძემ ისაუბრა ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების (CTBT) ძალაში შესვლისა და უნივერსალიზაციის მნიშვნელობაზე. მან მოუწოდა სახელმწიფოებს, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი ან არ მოუხდენიათ ხელშეკრულების რატიფიკაცია, განსაკუთრებით კი მისი მეორე დანართით გათვალისწინებულ სახელმწიფოებს, რომელთა რატიფიკაციაც ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვისაა აუცილებელი, დაუყოვნებლივ მიუერთდნენ შეთანხმებას.