კახა ძაგანია - კონსტიტუციისა და კანონების მიღმა რაღაც ქარტიებს რომ ადგენ და ხელს აწერ, ესე იგი, რაღაც არეულობას აპირებ, არ არსებობს არც ტექნიკური, არც ბიოლოგიური და არც რამე სხვანაირი მთავრობა
რა პროგრამულ საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ქვეყანაში ყველაზე დიდ ფულს შოულობენ პოლიტიკოსები და ქოლცენტრების წარმომადგენლები, – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენელმა, კახა ძაგანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“.
„ქვეყანას მართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკანონოდ შოულობენ ფულს და ამ ფულით მართავენ ტელევიზიებს, რომლებიც, წესით, უნდა იყვნენ დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტები და სინამდვილეში არიან თავიანთი პარტიების იდეისა და პოლიტიკის გამტარებლები? მთელი საზოგადოება ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ჯგუფებმა, რომლებიც ჩვენს ფულებს უკანონოდ იპარავენ ძალიან დიდი რაოდენობით, როგორ გაიხანგრძლივონ კიდევ რამდენიმე წელი, რომ კიდევ მოიპარონ ფული. ძალიან მინდა, პროგრამაზე ვილაპარაკო, მაგრამ როგორ ვილაპარაკო, როცა აგერ, გვარამიას დირექტორი გვარამიაზე ამბობს, როგორ ურიცხავს თურმე ნაყოფია მილიონებს ამ თავისი ტელევიზიის საშუალებით, გვარამია კი ამბობს, რომ თურმე არ იცნობს ამ თავისი დაფუძნებული ტელევიზიის დირექტორს. ვხედავთ, თურმე როგორ შემოდის ის ფულები საქართველოში, რომელიც ხმარდება ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ისევ ამათ გამდიდრებას. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ეს ფული შემოდიოდა ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში და მერე, გამჭვირვალობის კანონი რომ მიიღეს, ადგნენ და ახლა თითქოს „თიბისი ბანკის“ საშუალებით დაიწყეს ამ ფულის შემოტანაო. აი, ესენი რომ ხდება, როგორ ვილაპარაკო ახლა პროგრამებზე?“ – განაცხადა ძაგანიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პროექტები აქვს პარტიას ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით, ძაგანიამ განაცხადა, რომ მათი პროგრამაა, ქვეყანას მოაცილონ კრიმინალი და სამარცხვინო პოლიტიკოსები.
ძაგანიამ პარადოქსი უწოდა ფაქტს, რომ გასულ არჩევნებში საბურთალოზე ხალხმა ოთხჯერ მეტი ხმა მისცა „თიბისი ბანკის“ მმართველ ბადრი ჯაფარიძეს მაშინ, როდესაც ის ეხმარებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო მევახშეობის გამო ასახლებდნენ.
„სამაგიეროდ, ნახეთ რა მოხდა – ის ხალხი ისევ ბანკებისგან დაყადაღებული და იმ კაბალურ პირობებში დარჩა, ის ადამიანები კი, რომლებიც მათ ძარცვავდნენ, ისევ ხელისუფლებაში არიან, ისევ დეპუტატები ხდებიან და ისევ პარლამენტში მოდიან. აი, მაგალითად, გახარიასთვის თვალთხარია არასოდეს არ დამიძახებია. სამაგიეროდ, ვინც თვალთხარიას ეძახდა, იმასთან ერთად ზის და ქარტიას აწერს ხელს პრეზიდენტთან ერთად“, – განაცხადა ძაგანიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არ არის პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ქარტიის ხელმომწერი, კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ ის სამართლის დოქტორია, პროფესორი და სტუდენტებს კონსტიტუციის თანახმად მოქმედებას ასწავლის.
„გადაშალეთ კონსტიტუცია და თუ სადმე წაიკითხავთ, რომ სადმე არსებობს ტექნიკური მთავრობა, დღესვე მოვიხდი ბოდიშის, პირდაპირ აქედან წავალ, მუხლებში ჩავუვარდები ქარტიის ავტორს და ხელს მოვუწერ ამ ტექნიკურ მთავრობაზე. შენ რომ კონსტიტუციისა და კანონების მიღმა რაღაც ქარტიებს ადგენ და ხელს აწერ, ესე იგი, რაღაც არეულობას აპირებ; ესე იგი, შენ არაკონსტიტუციური პროცესი დაიწყე უკვე. შენ, პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მთავარი დამცველი უნდა იყო, როგორ შედიხარ არაკონსტიტუციურ პროცესში? არ არსებობს არც ტექნიკური მთავრობა, არც ბიოლოგიური და არც რამე სხვანაირი მთავრობა არ არსებობს. მთავრობა არსებობს ერთი, რომელიც არის კონსტიტუციით და რომელსაც ირჩევს პირველ ადგილზე გასული, გამარჯვებული პარტია და მორჩა. ეს შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში და რა ტექნიკური მთავრობა, რატომ ატყუებთ ამ ხალხს, კაცო?“ – განაცხადა ძაგანიამ.
კახა ძაგანიამ ასევე აღნიშნა, რომ „მემარცხენე ალიანსი“ არის ევროპული სოციალიზმის მიმდევარი პარტია და მისი მთავარი ამოცანაა სოციალური საკითხები.