კახა ჩხეტიანი - „ტორპედოში" კრიზისი ჩინელი ინვესტორის წასვლამ გამოიწვია
ქუთაისის „ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გაააკეთა.
„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში „ტორპედოს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უპირველესად, ხაზს ვუსვამ იმას, რომ გუნდი აქტიურად ემზადება „რუსთავთან” გასამართი მატჩისთვის. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩვენთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ გასულ ტურში დავმარცხდით, არადა, ლიდერობის შანსი გვქონდა, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ!” – ამბობს ჩხეტიანი.
მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ამ კრიზისის წინაპირობა გახდა.
„ვითარება, რომელიც „ტორპედოს” ირგვლივაა, კლუბიდან ჩინელი ინვესტორის წასვლამ გამოიწვია. ამ დღეებში არაერთი შეხვედრა შედგა ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს შორის. იყო ასევე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის შეხვედრაც. კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი ინვესტორი მოიძიოს და “ტორპედომ” ჩვეულებრივ გააგრძელოს ბრძოლა ჩემპიონობისთვის, გაძლიერდეს ევროტურნირებისთვის და ქალაქისა და ქვეყნის სახელი ღირსეულად დაიცვას”, – განაცხადა ჩხეტიანმა.
მან „ტორპედოს” ფანებზეც ისაუბრა.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ სიტუაციაში გვერდში დაგვიდგა და გვიდგას. ამ ყველაფერმა ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა! იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დღეებში ვითარება დალაგდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქუთაისის “ტორპედოს” სჭირდება და ეკადრება”, – განაცხადა ჩხეტიანმა.