კახა ბექაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს კომისიის მედიაწიგნიერების პროექტები და მისი შედეგები გააცნო
კახა ბექაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს კომისიის მედიაწიგნიერების პროექტები და მისი შედეგები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატებს კომისიის მედიაწიგნიერების პროექტები და მისი შედეგები გააცნო.

„2018 წლიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კომუნიკაციების კომისიას დაეკისრა მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია, რაც ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს „აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივით“ და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2018 წლის რეკომენდაციით იყო განპირობებული. შევიმუშავეთ მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც კომისიამ შექმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და ა(ა)იპ – მედიააკადემია სამი შემადგენელი კომპონენტით. ბოლო წლებში კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, რომელიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს მოიცავს. პირველი – „გამარჯობა რუბი“, 25 ქვეყანაში აღიარებული ფინური წიგნი, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლის.

კომისიის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნით 2020 წელს ხუთ საჯარო და ორ კერძო სკოლაში 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო ცოდნა, ხოლო „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდში 120 მასწავლებელი და ტრენეტი გადამზადდა.

მეორე – Happy Onlife რვა ქვეყანაში წარმატებული აპლიკაცია, რომელიც მოზარდებს, მშობლებსა და პედაგოგებს თამაშის პრინციპით ასწავლის ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციას და კიბერჰიგიენას, კომუნიკაციების კომისიამ ქართულ ენაზე გახადა ხელმისაწვდომი. ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესები აპლიკაციის მეშვეობით ათი სკოლის 700-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა“, – განაცხადა კახა ბექაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიის 2020 წლის ანგარიში 2021 წლის ბოლოს დარგობრივი ეკონომიკისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებზე მოისმინეს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნო და 2020 წელს განხორციელებული პროექტების შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. კომუნიკაციების კომისიების ცნობით, „გამარჯობა რუბი“, Happy Onlife, ნამდვილი თუ მოგონილი?!, მედიის ეკონომიკა, ეროვნული მნიშვნელობის ონლაინპლატფორმა და თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან – ეს ის პროექტებია, რომლის შედეგებიც ბექაურმა ანგარიშის წარდგენისას შეაჯამა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ასევე მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უნიკალური მეთოდი მოზარდებისათვის, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდების შესახებ.

კახა ბექაურის თქმით, კონკურსი, რომლის მიზანიც კრიტიკული აზროვნებისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა, კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებისთვის ოთხჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ერთხელ ჩაატარა, სადაც მონაწილეობა მიიღო 420-მა სტუდენტმა და მოსწავლემ.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კონკურსანტებს პრიზების გარდა, კომუნიკაციების კომისია სერტიფიცირებულ ტრენინგებს უტარებს და კარიერულ განვითარებაში ეხმარება. 2020 წლის განმავლობაში, კონკურსის პარალელურად BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, 20 სკოლის 700-ზე მეტ მოსწავლეს და ექვსი უნივერსიტეტის 200-ზე მეტ სტუდენტს კომუნიკაციების კომისიამ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები და მეთოდები ასწავლა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მედიის ეკონომიკა კომისიის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებს ციფრული მედიის დაფინანსებისა და მედიაეკონომიკის პრინციპებს ასწავლის და „Evas Foundation“-ის მიერ აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიის ეკონომიკისა და მედიასაფრთხეების შესასწავლად.

კომუნიკაციების კომისიამ პროექტის ავტორთან – ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა ქართულ სკოლებზე მორგებული საგაკვეთილო სქემა, რომლითაც 2020 წელს 20 სკოლის 175-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენერი გადამზადდა.

მედიაწიგნიერების პროექტების წარდგენისას, კახა ბექაურმა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება. ბექაურმა ასევე წარადგინა ინფორმაცია მედიაწიგნიერების ტრენინგების შესახებ, რომელსაც კომისია ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ახორციელებს.

კომუნიკაციების კომისიამ კომიტეტს ასევე მედიაწიგნიერების ეროვნული მნიშვნელობის პლატფორმა www.Mediatsigniereba.ge წარუდგინა, რომელიც კომისიამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნა. ბექაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მედიაწიგნიერების ჰაბი, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს აერთიანებს და თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.