კახა ბექაური - წინასწარი შეფასებით, „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანით ჩანაცვლება ტარიფის გაძვირებაა
კომუნიკაციების კომისია შეისწავლის, არის თუ არა გაძვირება „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება, – ამის შესახებ განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს შუალედურ ინფორმაციას აწვდის.
ამასთან, კახა ბექაურმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ეს არის გაძვირება.
„კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის მოკვლევა და ანალიზი უკვე დაიწყო. ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანით ჩანაცვლება არის თუ არა გაძვირება და რეალურად აქვს თუ არა ამის უფლება კომპანია „მაგთიკომს“. ჩვენი წინასწარი შეფასებით იკვეთება, რომ არსებული პაკეტის ჩანაცვლებით, ადგილი აქვს ტარიფის გაძვირებას, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს.
მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც „მაგთიკომია“, აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს. ვხედავთ, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე „მაგთიკომის“ მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, არ არის შეთავაზებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. კომუნიკაციების კომისია კვლევის და ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას „მაგთიკომისთვის“ ვალდებულებების დაკისრების შესახებ“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაძვირების მცდელობა კომპანიას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ კომისიამ „მაგთიკომს“ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუუქმა და დაავალდებულა, 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დაეტოვებინა.
კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია საკითხს ახლაც დეტალურად შეისწავლის და კანონის სრული დაცვით კვლავ მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს.