კახა ბექაური - უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება
კახა ბექაური - უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება

მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს, – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე გააკეთა.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს „მთავარი არხის“ ეთერში სავარაუდო უხამსობის შემცველი სიუჟეტი განიხილა, რომელზე გადაწყვეტილებასაც მომდევნო სხდომაზე მიიღებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის უხამსობით იყო გაჯერებული სამაუწყებლო ეთერი.

„იქიდან გამომდინარე, რომ უხამსობის რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი და კანონით ეს რეგულირებადი საკითხია 2009 წლიდან, ჩვენ ამაზე აქტიური მონიტორინგი დავიწყეთ, მოვუწოდეთ მაუწყებლებს, რომ ამ სერიოზულ პრობლემას მიაქციონ ყურადღება და ასეთი შინაარსის შემცველი გადაცემების გავრცელებას მოერიდონ. რადგან, ადამიანებს, როდესაც განსხვავებული მოსაზრებების გამო შეურაცხყოფას აყენებენ დიდი აუდიტორიის წინაშე, ამით მკვიდრდება მანკიერი პრაქტიკა, ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმის სურვილი ჰქონდეს და ის ამას მოერიდოს, იმის გამო, რომ შესაძლოა მას შეურაცხყოფა მიაყენონ, რითიც მისი უფლებები შეიძლება შეილახოს. მე ვსაუბრობ ჩვეულებრივ მოქალაქეზე და არა პოლიტიკოსებზე და საჯარო მოხელეებზე რომლებსაც თმენის ვალდებულება აქვთ და ამ თვალსაზრისით მაღალი სტანდარტი არსებობს და ასეც უნდა იყოს“, –  განაცხადა კახა ბექაურმა.