კახა ბექაური - ტყუილია, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან
ასოცირების ხელშეკრულება რეკომენდაციას კი არ გვაძლევს, გვავალდებულებს დირექტიული ვალდებულებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის უფლებები შეილახა, მიეცეს მას შესაძლებლობა, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება, გაასაჩივროს კომისიაში, ან სასამართლოში,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
კახა ბექაურმა კანონში არსებული ხარვეზი დეტალურად ახსნა და განმარტა, რატომ არის აუცილებელი სიძულვილის ენისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხების გასაჩივრების შესაძლებლობა.
„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ თქვენი, ან ნებისმიერი სხვა ეთერით, პიროვნების მიმართ გამოყენებულია სიძულვილის ენა და ირღვევა მისი უფლებები, თუ მის მიმართ გაისმა დამამცირებელი, ან შეურაცხმყოფელი სიტყვები, მას შეუძლია მხოლოდ იმ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში იჩივლოს, სადაც მისი მისამართით ეს ყველაფერი გაჟღერდა. თვითრეგულირების ორგანოს განაჩენის გასაჩივრება პირს არსად აღარ შეუძლია, დღევანდელი კანონით, პირი ჩივის დამრღვევთან და თუ დამრღვევმა არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, ის ვერსად ვეღარ იჩივლებს“,- აცხადებს კახა ბექაური.
მისივე თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ბევრი ტყუილი და დამახინჯებული ინფორმაცია მოისმინა, რეალურად კი, ეს ცვლილება არა შეზღუდვისკენ, არამედ ზუსტად თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„მიკვირს რამდენად ყალბია ეს პროცესი და რამდენი არაზუსტი ინფორმაცია გადის მედიაში ამ თემაზე. ის ცვლილებები, რომელიც არის შეტანილი პარლამენტში და ასახულია პროექტში ჩვენ მიერ, სწორედ თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, სიძულვილის ენის და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენის საკითხი რჩება თვითრეგულირების ორგანოში, სწორედ იმისთვის, რომ გაძლიერდეს თვითრეგულირება და შეძლოს გადაწყვეტილების მიღება. კომისიაში ან სასამართლოში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს ეს საკითხი, რაც თვითრეგულირების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება დაინტერესებული პირი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქმედითი მექანიზმი საჭიროა, რათა მედიამ და ჟურნალისტებმა არ უნდა შეუწყონ ხელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ან განსხვავებული მსოფლმხედველობა, განსხვავებული ორიენტაცია, ან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წევრი იყოს პირი, მის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა. შესაბამისად, როდესაც მედიასაშუალება ან ჟურნალისტი აძლევს საშუალებას პირს, რომ ასეთი რამის ტირაჟირება გააკეთოს, დამეთანხმებით ალბათ, რომ უნდა არსებობდეს ქმედითი მექანიზმი, გარდა იმისა, რომ მივიდეთ დამრღვევთან და დამრღვევის განაჩენი იყოს საბოლოო.
გარდა ამისა, უნდა არსებობდეს შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება. სად უნდა გასაჩივრდეს, ხომ ვერ მეტყვით, თვითრეგულირების ორგანოს გარდა?! ეს არ არის ჩემი მიდგომა. ევროპამ ეს სტანდარტი დიდი ხანია დაადგინა. როდესაც წითელი ხაზები იკვეთება, ან სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება, ან – მარეგულირებელში. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ. არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.