კახა ბექაური - ტყუილია, რომ ამ ცვლილებებით მაუწყებლის დახურვა ან რაიმე მსგავსი მოხდება
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებულ მოვლენებთან პარალელების გავლებას, აბსურდულს უწოდებს.
კახა ბექაურის განცხადებით, დღეს 2007 წელთან შედარებით, კანონი რადიკალურად არის შეცვლილი და მაუწყებლობის დასაწყებად ლიცენზია საერთოდ აღარ არის საჭირო.
მისი განცხადებით, დღეს ნებისმიერ პირს მაუწყებლობის დაწყება მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით 10 დღეში შეუძლია.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, ტელევიზიებს საერთოდ ლიცენზიები არ ეძლეოდა და ტელევიზიები არ იხსნებოდა. არავის, არც ერთ აღმასრულებელ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონით რაიმე შეზღუდვა მოახდინოს პროცესზე. კანონით მოხსნილია ყველანაირი ბარიერი, რომ უარი ეთქვას მედიას ავტორიზაციაზე, ამიტომ ავტომატურ რეჟიმში იღებს ფაქტობრივად ნებისმიერი პირი ტელევიზიის გახსნის უფლებას. რადიკალურად განსხვავებული კანონმდებლობა და მიდგომებია 2007 წელთან შედარებით.
რაც შეეხება ჯარიმებს და სანქციებს, ბევრ ტყუილს და ყალბ ინფორმაციას ვისმენ, მათ შორის არასამთავრობო სექტორისგან, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც არსებობდა, რომლის აზრსაც პატივს ვცემდი და არასწორ ინფორმაციას არ ავრცელებდა ხოლმე. ახლა მათაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, მაგალითად ნათია კუპრაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ასეთი რამე ევრო დირექტივაში არ წერია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი, მაგრამ არ წერია, რომ ეს უნდა იყოს რეგულირებაში – ეს არის ტყუილი, რადგან ზუსტად ასე წერია დირექტივაში, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი და მას უნდა შეეძლოს ადეკვატური სანქციის გამოყენება. ეს ჩანაწერია, შესაბამისად, სანქციას ვერ გამოიყენებს ვერც თვითრეგულირების ორგანო და ვერც ერთი არასახელმწიფო ორგანო, ანუ ის, რომ ამაზე არის საჭირო რეაგირება და ამაზე გამოყენებული უნდა იქნას სანქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და გააჩნდეს ამის ბერკეტი“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ტყუილია იმაზე საუბარიც, რომ ამ ცვლილებით რომელიმე არხის მაუწყებლობას შეიძლება დაემუქროს საფრთხე და არხი დაიხუროს.
„რაც შეხება სანქციებს, ჩვეულებრივი სტანდარტული სანქციებია; გაფრთხილება, პატარა ფინანსური სანქცია, რომელიც დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, არის მაუწყებლის მთლიანი შემოსავლის 0,1%, შემდგომ მესამე დარღვევის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 0,5% მთლიანი შემოსავლების და ა.შ. მეოთხე, ან მეხუთე დარღვევაზე შეიძლება მივიდეს განხილვა ავტორიზაციის შეჩერებაზე, და არა – გაუქმებაზე, არამედ დროებით შეჩერებაზე, რომლის გაგრძელება ავტომატურად მოხდება, მაშინ როდესაც მაუწყებლის მხრიდან აღმოიფხვრება დარღვევა. ეს სანქციები არანაირად არ არის ისეთი სანქციები, რომელიც იწვევს ან ტელევიზიის დახურვას ან ლიცენზიის გაუქმებას და ლიცენზიაზე მოგახსენეთ უკვე, რომ ასეთი რამ კანონმდებლობაში საერთოდ აღარ არსებობს“,- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.