კახა ბექაური - სრულიად პლურალისტური მედიასივრცე გვაქვს, ყველანაირი ინფორმაცია ისმის, ტყუილსაც იპოვის ჩვენი მაყურებელი და სიმართლესაც, თუ სიმართლის პოვნა უნდა
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში მედიაგარემო არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ერთ-ერთი თავისუფალი იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო ველი, საკანონმდებლო სივრცე, ბარიერები და რეგულაციები პრაქტიკულად არ არსებობს, სრულად დელეგურილებულია, – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
კახა ბექაურის თქმით, დღეს საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით მხოლოდ 10 დღეში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეუძლია.
„დღეს მედიასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც სარედაქციო პოლიტიკასთან, ან შინაარსთან არის დაკავშირებული, არ არსებობს ბარიერი, რომელიც ტელევიზიის გახსნასთან ხელს შეუშლის. ალბათ ნებისმიერ მაყურებელს მარტივი რეგისტრაცია გაუვლია ვებგვერდზე, როცა ელექტრონულ ფოსტას ავსებთ, სახელსა და გვარს უთითებთ და რამდენიმე წამში მოგდით შეტყობინება, რომ დარეგისტრირებული ხართ – დაახლოებით ამ სიმარტივის პროცედურაა მაუწყებლობის ავტორიზაცია. ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა რომ მოინდომოს ხვალ ტელევიზიის გახსნა, კომუნიკაციების კომისიაში შემოიტანს განცხადებას და 10 დღის ვადაში ის ავტორიზაციას გაივლის და მაუწყებლობას დაიწყებს. არცერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არაა. 100-ზე მეტი მაუწყებელი გვყავს დღეს საქართველოში, სრულიად პლურალისტური მედიასივრცე გვაქვს, ყველანაირი ინფორმაცია ისმის და რა თქმა უნდა, ტყუილსაც იპოვის ჩვენი მაყურებელი, თუ ტყუილის პოვნა უნდა და სიმართლესაც, თუ სიმართლის პოვნა უნდა“, – აცხადებს კახა ბექაური.