კახა ბექაური - „სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედია, „მაგთიც“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
ქართულ ბაზარზე სატელეკომუნიკაციო ტარიფების გაძვირების საფუძველის არარსებობასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა.
ბექაური აცხადებს, რომ ორივე კომპანიამ – „სილქნეტმა“ და „მაგთიმ“ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დააანონსა, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა. ბექაურის თქმით, კარგია, რომ კომპანია „სილქნეტმა“ კომისიის მიმართვის საფუძველზე შეაჩერა გაძვირების პროცესი. ის იმედს გამოთქვამს, რომ „მაგთიც“ ანალოგიურად მოიქცევა.
„კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საცალო ბაზარი დავარეგულიროთ, მათ შორის დავადოთ ზღვრულ ტარიფებზე ვალდებულება კომპანიებს. თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორი („სილქნეტი“ და „მაგთი“) ბაზარზე ფასების გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კომისიას უფლება აქვს, საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს”, – განაცხადა კახა ბექაურმა.
მისივე განმარტებით, კომპანიებს კომისიის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ, თუმცა კახა ბექაური ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რადგან კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„თუ კომისია მივიდა ზღვრული ტარიფის დადგენამდე, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კომპანიებს სასამართლოში აქვთ. კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ მახსენდება ბოლოს როდის წავაგეთ სასამართლო პროცესი, რადგან კომისიის ყველა ასეთი გადაწყვეტილება ფუნდამენტური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღება. დეტალურად ხდება საკითხების შესწავლა, როგორც აპარატის, ასევე კომისიის ხუთივე წევრის მხრიდან”, – განაცხადა კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარემ, მსოფლიო ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ხმოვანი მომსახურება ძალიან მცირდება და იაფდება, ვინაიდან სრულად ინტერნეტში გადადის.
„Whatsapp, Viber უკვე მობილური კომუნიკაციების თანმდევი სერვისები გახდა, შესაბამისად, GSM-ის ხმოვანი მომსახურების მოცულობა მცირდება და მცირდება ფასებიც. ამიტომ მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე არიან მობილური კომპანიები, რათა შემოსავლები არ დაკარგონ, ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ, რა ახალი პროდუქტები შექმნან, რომ მომხ,არებელი კმაყოფილი იყოს”, – განაცხადა კახა ბექაურმა.