კახა ბექაური - საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი ცვლილებაა, პირველი შთაბეჭდილება ძალიან საინტერესოა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრეზენტაცია მოიცავს წინა წლებში არსებულ მდგომარეობას, საკადრო პოლიტიკასა და მის მართვას, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯებს, განახლებულ ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ გადაიარაღებას, ავტოპარკის განახლებას, ახალ სატელევიზიო ეთერს ახალ შვიდენოვან ვებპორტალსა და სატელეფონო აპლიკაციას.
კახა ბექაურმა პირველი არხის ინტეგრირებული ნიუსრუმი და რადიოს განახლებული სტუდია დაათვალიერა.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, სურდა, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მენეჯმენტისგან მოესმინა.
„უკვე რამდენიმე თვეა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო დიდი აჟიოტაჟია, ბევრი აქტუალური მოვლენა ხდება, დაწყებული მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებით, დამთავრებული მენეჯმენტის ცვლილებითა და ზოგადად რეფორმებით, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხორციელდება. აქედან გამომდინარე, საჯაროდ განვაცხადე, რომ მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, აქტიური მონაწილეობა მივიღო იმაში, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, როგორც მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. შევხვდი მენეჯმენტს. გავეცანი იმ პროცესებს, რომელთა შესახებაც, გარედან, რა თქმა უნდა, ვიღებ ინფორმაციას, მაგრამ მინდოდა, გავცნობოდი მენეჯმენტის ხედვას, რა პროცესები მიდის, რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორია სამომავლო გეგმები და საით მიდიან“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კახა ბექაურმა განსაკუთრებული ყურადღება ინტეგრირებულ ნიუსრუმზე გაამახვილა.
„პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან საინტერესო. დაახლოებით ერთი წლის წინ, აქ გახლდით და ვიცი, საზოგადოებრივ მაუწყებელში რა ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ ერთ წელიწადში ბევრი ცვლილებაა. კერძოდ, ყველაზე მთავარია ინტეგრირებული ნიუსრუმი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს არასოდეს ღირსებია – რადიო, ტელევიზია, მრავალენოვანი ვებპორტალი, რომელიც ახალი შექმნილია, გაერთიანებულია ინტეგრირებულ ნიუსრუმში, სადაც იწყება მულტიმედიური კონტენტის შექმნა. ჯერ შეიძლება მაყურებელს ამაზე ინფორმაცია არ აქვს, ჯერ ეს არ არის რეალიზებული ეთერში და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის პროცესები, რომლებიც აქ მიდის, მაგრამ ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა.
როგორც იცით, ტელევიზიაში განხორციელებული ცვლილებები ეთერში პირდაპირ არ აისახება და ამას დრო სჭირდება. ვხედავ, ამ ერთ წელიწადში ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხობდეს მათ მოთხოვნებს, ვინაიდან მაუწყებელი მათი ფულით ფინანსდება, ამიტომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალე კონტროლი აუცილებელია.
მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, შემუშავდეს ის მექანიზმები, რომლებიც ხელს არ შეუშლის საზოგადობრივი მაუწყებლის განვითარებას. გარკვეული მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს, ერთი მხრივ, ბორდს, მეორე მხრივ, მენეჯმენტს, რომ საზოგადოების დაკვეთა რაც არის, ის ასახონ და საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილონ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.