კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლების გაცხარება, რომელიც პარლამენტშიც დაფიქსირდა, პირდაპირ არ არის დაკავშირებული „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან, ვინაიდან ბიზნესმა აღნიშნული კანონი იცოდა და ამ საკითხზე კომპრომისიც მიღწეულია.
მისი განმარტებით, ბიზნესის რეაქცია კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა, რომელიც მთლიანად ტელეკომბაზრის ლიბერალიზაციისა და ევროპული სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც მათ არ მოსწონთ.
ბექაურის თქმით ბაზრის ლიბერალიზაცია გარდაუვალი პროცესია და ეს სჭირდება როგორც სფეროს განვითარებას, ისე მომხმარებლებს.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბოლო რამდენიმე წელია, კომუნიკაციების კომისია აქტიურად არის დაკავებული კანონშემოქმედებითი საქმიანობით, საუბარია ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც ტელეკომბაზრისთვის ასოცირების შეთანხმებით შესასრულებლად სავალდებულოა. ასევე კახა ბექაურმა ახსნა, რატომ სჭირდება ჩაკეტილ ტელეკომბაზარს გახსნა და რა სიკეთეს მოუტანს ეს ქვეყანასა და მომხმარებელს.
„რას ნიშნავს და რისთვის გვინდა ეს ცვლილებები? სატელეკომუნიკაციო ბაზარი საკმაოდ ჩაკეტილია. სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის კომპანიები სარგებლობენ შეზღუდული რესურსით, რასაც სიხშირული სპექტრი ჰქვია და ასევე სახელმწიფოსგან ნებართვებს იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ გარკვეული ნებართვები გაიცემა, ამავდროულად, გარკვეული ლიცენზიები გაიცემა და ისინი პრივილეგირებულნი არიან ამ თვალსაზრისით, რადგან სიხშირული სპექტრის რესურსი შეზღუდულია და ყველა ვერ მიიღებს ამას. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპანია არის წარმოდგენილი ბაზარზე“- აღნიშნა კახა ბექაურმა.
მან ასევე განმარტა, როგორ მუშაობას დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარი.
„დღეს ეს ბაზარი ჩაკეტილია იმ კომპანიებში, რომლებსაც აღნიშნული რესურსები და ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და სატელეკომუნიკაციო რესურსებს საზოგადოებასა და სხვა ოპერატორებს მხოლოდ ისინი აწვდიან. როგორ მუშაობს ევროპა და რას ვაკეთებთ ჩვენ ბოლო წლებში? ეს ბაზარი უნდა გაიხსნას. სატელეკომუნიკაციო დარგი იმით განსხვავდება სხვა დარგებისგან, რომ ურთულესი კონსტრუქცია აქვს, ტექნოლოგიური სერვისები ინფრასტრუქტურა თავისი არსით რთულია. მაგალითად, ევროპული ბაზარი იცნობს 14 საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტს, რომელიც ჩვენ გადმოვიღეთ. ეს არის საბითუმო ბაზარი მაგალითად, ოპტიკურ-ბოჭკოვან წყვილებზე დაშვების ბაზარი, ოპტიკურ-ბოჭკოვან არხებზე დაშვების ბაზარი, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი, ხმოვანი მომსახურების ბაზარი, მობილური ინტერნეტის ბაზარი. 14 ბაზარია სულ და ეს 14-ვე ბაზარი თითქმის დაკეტილია. დაკეტილია ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს კომპანიები აწვდიან ამ საბითუმო ბაზარზე როგორც ავტორიზებულ პირებს, ასევე ჩვენს მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებს. როგორ უნდა იყოს რეალურად? უნდა იყოს ისე, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოაყენებინონ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ასევე მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა და უნდა დაუშვან სხვა ნებისმიერი ოპერატორები, რომლებსაც სურვილი აქვთ მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისები მიაწოდონ. ანუ ე.წ. ვირტუალური ოპერატორები უნდა გაჩნდნენ როგორც ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარზე, ასევე მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე“- განაცხადა კახა ბექაურმა.
მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული და დაგეგმილი ცვლილებებით ტელეკომბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, ხარისხი მოიმატებს და შესაბამისად მომსახურების ღირებულებაც გაიაფდება.
„ამისთვის მომზადებაც ძალიან რთულია. 14-ვე ბაზარი რომ გახსნა, მით უმეტეს ასეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ძალიან რთულია. ერთი, რაც ამისთვის საჭიროა, განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია დავნერგეთ. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ მობილური კომუნიკაციების კომპანია ქსელზე დაუშვას ქსელის ოპერატორმა და გამოიყენოს მობილური ინტერნეტის ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქსელის ოპერატორს მობილური ინტერნეტის ბაზარზე, როდესაც სერვისს ახორციელებს, მისი ხარჯები რამდენია და არა ვთქვათ, ხმოვანი სერვისის. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ვირტუალური ოპერატორი ისე ვერ შემოვა, თუ ქსელის ოპერატორმა სწორი ფასი არ შესთავაზა თავის ქსელზე დაშვების. ამიტომ აუცილებელია განცალკევებული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ თითოეულ ამ ბაზარზე ქსელის ოპერატორებს რა უჯდებათ, როგორც ავტორიზებული პირებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება. სხვანაირად ვირტუალურ ოპერატორებს ვერ დავუშვებთ, რადგან არ გვეცოდინება, რა არის გონივრული ფასი, რა ფასიც ქსელის ოპერატორებმა მათ უნდა შესთავაზონ“- განაცხადა კახა ბექაურმა.
მისი თქმით, დღეს ჩაკეტილია სატელეკომუნიკაციო ბაზრები და კომუნიკაციების კომისია ევროპული კანონმდებლობის და პრაქტიკის დანერგვით სწორედ მათ გასახსნელად ემზადება, რაც ბიზნეს დიდად არ მოწონს და პროტესტიც აქვთ.
„შესაბამისად, ძალიან დიდი პროტესტი აქვს ამაზე სატელეკომუნიკაციო სექტორს, მაგრამ ესმით, რომ ეს გარდაუვალია, რადგან ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და შესაბამისად მათი საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს აქ, რათა ბაზარი გაიხსნას, კონკურენცია გაიზარდოს და სერვისები გაუმჯობესდეს, “- განაცხადა კახა ბექაურმა.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი უყარეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.