კახა ბექაური - საქართველოს აქვს პერსპექტივა, „ამაზონმა“, „ნეტფლიქსმა“, „ფეისბუქმა“, „გუგლმა“ და ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ჩვენთან გახსნან მონაცემთა გაცვლის ცენტრები
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ არსებობს პერსპექტივა, საქართველოში ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ააშენონ მონაცემთა გაცვლის ცენტრები.
ბექაურის თქმით, ეს კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურამ უნდა მოიზიდოს, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს.
„მინდა, შევეხო საქართველოში ციფრული ჰაბის გაკეთების შესაძლებლობას. ეს გულისხმობს დატა ცენტრის გაკეთებას, რომელიც ფაქტობრივად, მთელ რეგიონს მოემსახურება. ციფრული ჰაბისთვის საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული კავშირით. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შემთხვევაში საქართველო პირველ ეტაპზე ნახევარმილიარდ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირდება 70 ტერაბიტ/წამი გლობალური ინტერნეტის სიჩქარით და ევროპა-ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტის გატარების 45%-იანი ბაზრის წილის დაკავების შესაძლებლობა არსებობს. რეგიონში ინტერნეტტრაფიკის ტრანზიტის 75%-ს, ცხადია, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ, ისეთები როგორიცაა „ამაზონი“, „გუგლი“, „მაიკროსოფტი“, „ფეისბუქი“, „ნეტფლიქსი“ და ასე შემდეგ. რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი მონაცემთა ცენტრები თვითონ ააშენონ ან ერთიან მონაცემთა ცენტრში განათავსონ საკუთარი სერვერები“, – აცხადებს კახა ბექაური.