კახა ბექაური - მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს კი - მილიონზე მეტი
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიმოხილვისას, ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციები წარადგინა.
მისი თქმით, 2021 წელს ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,267 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 114 მილიონი ლარით მეტია. მისივე განცხადებით, 2021 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5,55 მილიონი შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი – 1,3 მილიონი, ხოლო ფიზიკური პირი 4,2 მილიონი იყო.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ 2021 წელს მობილური შემოსავლების 75% – ფიზიკურმა პირებმა, 25% კი იურიდიულმა პირებმა შეადგინეს.
„საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 160%-ს შეადგენს“, – განაცხადა ბექაურმა და აღნიშნა, რომ, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2021 წლის მობილური ოპერატორების საბაზრო წილის 42% – „მაგთიკომს“, 33% – „სილქნეტს“, ხოლო 25% „ბილაინს“ ეკავა.
კახა ბექაურის განცხადებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში კი მობილური ინტერნეტმომხმარებლის რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა. თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ 2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტტრაფიკის 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც 2020 წლის იმავე მაჩვენებელზე 6%-ით მეტი იყო, პროცენტულად კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 4G – 91%, 3G – 9%, 2G – 0,1%. ამასთან, ბექაურმა აღნიშნა, რომ 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით, ინტერნეტმოხმარების რაოდენობა 65%-ით იყო გაზრდილი.
ამასთან, კახა ბექაურმა ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებაზეც ისაუბრა, რომლის აბონენტების რაოდენობამ 2021 წელს მილიონს გადააჭარბა და მილიონ ცხრა ათასი შეადგინა.
„2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4,3%-ით, კერძოდ, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა, ხოლო საქართველოში არსებული 3 385 სოფლიდან ფიქსირებული ინტერნეტი 2 351 სოფელშია ხელმისაწვდომი“, – განმარტა კახა ბექაურმა.