კახა ბექაური - მედიაწიგნიერების განვითარებისთვის სერიოზული გეგმები გვაქვს, რაც პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იქნება
რუსული იქნება ეს თუ სხვა, პროპაგანდა საზოგადოებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლის და მედიაგარემოსთვის საფრთხეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროპაგანდას მედიისთვის არასწორი მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ, – განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„არ მგონია, რომ არსებობს ხელოვნურად შემზღუდველი ინსტრუმენტები, რომლითაც პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ, კაცობრიობას ეს ჯერ არ მოუგონია. ერთადერთი ინსტრუმენტი მედიაწიგნიერებაა, რაც ახალია და ევროპაში ფეხს ახლა იდგამს. ჩვენ ამ მიმართულებით წასვლას ვაპირებთ, სერიოზული გეგმები გვაქვს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. ძალიან მალე საჯაროდ ვიტყვით, მედიაწიგნიერების განვითარება როგორ გვესახება. ჩემი აზრით, ეს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იქნება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
მისი თქმით, მედიის თავისუფლება, მრავალფეროვნება და პლურალიზმი იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდისტული არხებიც უნდა არსებობდეს, პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების მატარებელიც, სიმართლის მთქმელიც, მიუკერძოებელიც და მატყუარაც.
„მედიის თავისუფლება ეს არის. პროპაგანდის აკრძალვა გამოსავალი არ არის. ვთქვათ, რუსული სახელმწიფო არხები პოლიტიკურ დონეზე, კანონით, ან სხვა გზით ხელოვნურად აიკრძალა, იმას გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე ქართულენოვანმა არხმა მაუწყებლობის უფლება მიიღოს და რუსული პროპაგანდის გამტარებელი იყოს? რა უნდა ვუყოთ ამ ქართულენოვან, საქართველოს მოქალაქის მიერ შექმნილ არხს, რომელიც შესაძლოა, რუსულ ინტერესს ატარებდეს? ისიც ავკრძალოთ? აქედან მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვამდე ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
როგორც ბექაურმა აღნიშნა, თუ გარკვეული არხების მაუწყებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლები კანონს მიიღებენ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მას აღასრულებს, მაგრამ ამ კანონის გვერდის ავლით, პოლიტიკური, თუ პროპაგანდისტული ინტერესების მქონე მაუწყებლის შექმნის შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს და თუ ამ კუთხით ყველას უნდა ვსდიოთ, ეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვამდე მიგვიყვანს.
„თუ ვიღაცას ეჭვი გაუჩნდება, რომ რომელიმე ქართული მაუწყებელი რუსულ ინტერესს, სხვა ინტერესს, ან პროპაგანდისტულ ინტერესს ატარებს, ამის შეზღუდვას მოინდომებს, ეს კი ტრაგედიაა. ასე არ შეიძლება, რადგან ეს გზა მედიის თავისუფლების შეზღუდვამდე მიდის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.