კახა ბექაური - მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისია დღეს კიდევ ერთ პრაქტიკულ ნაბიჯს დგამს
ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთ პრაქტიკულ ნაბიჯს დგამს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა მედიაწიგნიერების პროექტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბრიტანელ ექსპერტთან მარტინა ჩეპმენთან ერთად შემუშავდა, რომელიც ევროპაში აღიარებული ექსპერტია.
„მას მონაწილეობა აქვს მიღებული ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის „მედია წიგნიერების“ პროექტის განვითარებაში. ის ევროპული პლატფორმის მედიაწიგნიერების ჯგუფის ხელმძღვანელია.
დღეს ჩვენ დაინტერესებულ მხარეებს არასამთავრობო სექტორს, განათლების სამინისტროს და მედიის წარმომადგენლებს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარვუდგინეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა და გეგმის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, კომისია უახლოეს პერიოდში მედია აკადემიას დააფუძნებს, სადაც ჟურნალისტებს, პროდიუსერებს და მედიამენეჯერებს საშუალება მიეცემათ, მულტიმედიური პროდუქტების მომზადების კუთხით კვალიფიკაცია აიმაღლონ და ისწავლონ, როგორც დამწყებმა, ასევე მოქმედმა ჟურნალისტებმა.
როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, მეორე კომპონენტია მედიაკრიტიკის პლატფორმის შექმნა, სადაც მედიაკრიტიკოსებს საშუალება ექნებათ ყველა სახის მედიაპროდუქტი გააკრიტიკონ.
„მესამე კომპონენტი ე.წ. მედია ლაბორატორიაა, სადაც კომისია სტარტაპერებს, რომლებსაც ციფრული ჟურნალისტიკის მიმართულებით გარკვეული იდეები ექნებათ, ხელს შეუწყობს, დააფინანსებს და გარკვეულ ეტაპამდე განავითარებს, რომლის შემდეგაც პროექტები სხვა ინვესტორებისთვისაც საინტერესო იქნება.
მედიაწიგნიერების სტრატეგიის საჯარო კომუნიკაცია დღეს დავიწყეთ. უკუკავშირს დაველოდებით და გამორიცხული არ არის, შემდგომში ეს სამოქმედო გეგმა დაიხვეწოს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს დღეს პროექტ „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარუდგინა.