კახა ბექაური - მედია თუ დაიცავს მაღალ სტანდარტს, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენას ვეღარ გამოიყენებენ
კახა ბექაური - მედია თუ დაიცავს მაღალ სტანდარტს, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენას ვეღარ გამოიყენებენ

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ თუ მედიას არ ექნება მაღალი პასუხისმგებლობა და არ დაიცავს საზოგადოების ინტერესებს, პოლიტიკური სპექტრი არასოდეს იქნება მზად, უარი თქვას სიძულვილის ენაზე.

„თუ ყველა მედიასაშუალება მაღალი პასუხისმგებლობით განიმსჭვალება, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსებს სხვა გზა არ ექნებათ და მოუწევთ, უარი თქვან სიძულვილის ენაზე, მოუწევთ, გადავიდნენ მაქსიმალურად სიტყვის თავისუფლების ფარგლებში დებატებზე და ასეთი ფორმით აზრის გამოხატვაზე. თუ მედია დაიცავს მაღალ სტანდარტს და მოწოდების სიმაღლეზე იქნება, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენას ვეღარ გამოიყენებს“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

კითხვაზე, როგორ უნდა დაიცვას მედიამ ეს სტანდარტი პირდაპირი ეთერის დროს, კახა ბექაური აცხადებს, რომ მედიას ყოველთვის შეუძლია სიძულვილის ენაზე უარის თქმა, მათ შორის პირდაპირ ეთერში, ვინაიდან მას შეუძლია გააჩეროს რესპონდენტი ასეთ დროს და მიუთითოს შეცდომაზე.

„ჩემზე კარგად იცით ჟურნალისტებმა, რომ გაქვთ საშუალება, როდესაც თქვენი რესპონდენტი სიძულვილის ენას იყენებს, გააჩეროთ პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, ხანდახან ისინი არ გემორჩილებიან, მაგრამ თქვენ გაქვთ ბერკეტები. კერძოდ, თუ რესპონდენტი ბევრჯერ იყენებს სიძულვილის ენას, აღარ მოიწვევთ ეთერში.

მოგეხსენებათ, სიძულვილის ენის რთული ფორმები გარკვეული თვალსაზრისით, სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება. შესაბამისად, თუ დანაშაული ხდება და თქვენ ფაქტს აშუქებთ, კონტექსტიდან გამომდინარე, ფაქტის გაშუქებისთვის თუ გჭირდებათ, რომ ეს ასახოთ და სიძულვილის ენა მოხვდეს ეთერში, თუ თქვენ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ ფაქტი კარგად მოყვეთ, რა თქმა უნდა, ეს განხილული არ იქნება როგორც დარღვევა. კანონიც ამას განმარტავს ასე და მთელს ევროპაში ასე განიმარტება. ამიტომ დაზღვევა, რომელიც თქვენ წამოჭერით თავისუფლად არის შესაძლებელი. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენის გამიზნულ და მიზანმიმართულ ტირაჟირებაზე, როდესაც ირღვევა ადამიანის უფლებები“,- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.

კახა ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისია კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, ორი წელი ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისა და უწყების მიმართ და ახლაც ღიაა დისკუსიისთვის.

„ვიდრე ამ ცვლილებებს ავსახავდით, ორი წლის განმავლობაში ევროპელ ექსპერტებთან, ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან მრავალჯერადი დისკუსია გვქონდა და კიდევ მზად ვართ, რომ თუ კითხვები დარჩა, ყველა ამ თემაზე ღიად, საჯაროდ მივიღოთ მონაწილეობა“,- აცხადებს კახა ბექაური.