კახა ბექაური - ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ინტერნეტი ყველა სოფელში გახდება ხელმისაწვდომი
კახა ბექაური - ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ინტერნეტი ყველა სოფელში გახდება ხელმისაწვდომი

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტზე კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც, გასული წლის საქმიანობის მიმოხილვისას, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის Log-in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პროგრამა მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ემსახურება.

თავმჯდომარის განცხადების მიხედვით, „ოუფენ ნეტმა“, კომისიის მხარდაჭერით, ქობულეთში 50 კილომეტრამდე ოპტიკური ქსელი მოაწყო. ასევე, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე 140-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი აშენდა. მან აღნიშნა ისიც, რომ ქსელის მშენებლობა ტყიბული-ამბროლაური-ონის, ჩოხატაური-სამტრედიისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით უკვე დაწყებულია და აღნიშნული გეოგრაფიული არეალები ერთობლივად 570-კილომეტრიან ინფრასტრუქტურასა და 68 ათასი ადამიანისთვის ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობას გულისხმობს.

გასული წლის პროექტების შეჯამებისას თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზეც“, რომელიც მოსახლეობაში ინტერნეტის პოპულარიზაციას, ციფრული ცნობიერების ამაღლებასა და ინტერნეტსერვისებით სარგებლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ინტერნეტიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად კომისიამ გასულ წელს დაიწყო „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ComCom-მა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30 თემატური სემინარი ჩაატარა და 350 ბენეფიციარი ციფრული სერვისების გამოყენებაში გადაამზადა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.