ინტერნეტპროვაიდერებს ხელშეკრულებაში ხარისხის პარამეტრების მითითებისა და მათი დაცვის ვალდებულება ექნებათ
საქართველოში ინტერნეტის ხარისხის კონტროლზე გადაწყვეტილებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია უახლოეს პერიოდში მიიღებს, – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.
მისი თქმით, დაგეგმილი პროექტის მიხედვით, ინტერნეტპროვაიდერებს ხელშეკრულებაში ინტერნეტის ხარისხის პარამეტრების მითითების და მისი დაცვის ვალდებულება ექნებათ.
„ამ პროექტის აქტიურ ფაზაში ვართ, გასულ კვირას ზეპირი მოსმენა გვქონდა. ინტერნეტის ხარისხის კონტროლზე გადაწყვეტილებას კომისია უახლოეს პერიოდში მიიღებს, რაც კომპანიების მიერ მომხმარებლებთან ხელშეკრულებების შეცვლას გამოიწვევს. ხელშეკრულებების შესაცვლელად მათ სამთვიანი ვადა მიეცემათ. ხელშეკრულებაში ინტერნეტის ხარისხის პარამეტრები აქამდე არ იყო მითითებული და მომავალში ასე აღარ იქნება. ისინი ვალდებულნი იქნებიან მომხმარებლებთან კონტრაქტში ხარისხის პარამეტრები, მათ შორის ინტერნეტის სიჩქარე და სხვა ხარისხობრივი პარამეტრები შეიტანონ, ასევე შემდგომ დაიცვან“ – აცხადებს ბექაური.
ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მომხმარებელს მისთვის მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარის შემოწმების და ხელშეკრულების პირობებთან შედარების საშუალება სპეციალური აპლიკაციის გზით მიეცემა.
„მომხმარებელს ინსტრუმენტი, ტექნიკური საშუალება მიეცემა, რომელსაც კომისია აკეთებს. მათ აპლიკაცია ექნებათ, რომელსაც კომისიის ვებგვერდიდან ჩამოტვირთავენ და 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეეძლებათ საკუთარი ინტერნეტის ხარისხი შეამოწმონ და ხელშეკრულების პირობებს შეადარონ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
დარღვევისა და გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელს შეეძლება კომისიაში საჩივარი შეიტანოს. თუმცა, კახა ბექაურის თქმით, კომისია პროცესს ამის გარეშეც 24 საათის განმავლობაში დააკვირდება და ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან შესაძლო გადაცდომების შემთხვევაში, რეაგირებას დამოუკიდებლადაც მოახდენს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომპანიას ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ჯერ გაფრთხილება მიეცემა, შემდეგ კი, ფინანსური სანქციებიც ამოქმედდება.
„სანქციები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება. პირველ ჯერზე ეს არის გაფრთხილება, მეორედ ფინანსური სანქცია და მესამე ჯერზე, ასევე ფინანსური სანქცია, რომელიც 270 ათას ლარამდე ადის“ – აცხადებს კახა ბექაური.