კახა ბექაური - დღეს კომუნიკაციების კომისიას კანონმდებლობით, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლისა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს
დღეს მოქმედი კანონით, თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის,- ეს განცხადება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.
კომისიის თავმჯდომარემ დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
„დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული. აქვე გეტყვით, რომ რადგან დაჩქარებული წესით მიდის ამ საკითხის განხილვა, ჩემთვის გასაგებია, რომ კომიტეტს ჭირდება დრო, რომ დღევანდელი ხუთსაათიანი განხილვის დროს, რა საკითხებიც წამოიჭრა და, რაზეც ჩემგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს, შეაჯერონ. თუ საჭიროდ ჩათვლიან, დაზუსტებები და კორექტირებები შეიტანონ პროექტში. ჩვენ სხდომამდეც ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა დარგობრივ კომიტეტთან და რიგი დაზუსტებები გავაკეთეთ მანამდე. მაგალითად, თანმდევი კანონპროექტიდან მაუწყებლობის ნაწილში, რომელიც ტექნიკური შესწორება იყო რეალურად და ისედაც არ ეხებოდა მაუწყებლობას, საერთოდ ამოვიღეთ ეს ნაწილი“ ,- აღნიშნა ბექაურმა.
მისივე თქმით, ერთადერთი მიზანი ლექტრონული კომუნიკაციების სფეროში ცვლილებებია და რეგულაცია მხოლოდ ამ სფეროს კომპანიებისთვის არის განსაზღვრული.
„დღევანდელ სხდომამდე გამოითქვა მოსაზრებები, ხომ არ იყო შესაძლებელი, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ნაწილში დავიწროვება მომხდარიყო. ჯერ კიდევ სამი დღის წინ, კომიტეტთან სამუშაო პროცესში შევთანხმდით, რომ ცვლილებები შეეხება მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ის საკითხებია, რომლებიც ბაზარზე კონცენტრაციას ცვლის და ნეგატიურ გავლენას ახდენს კომუნიკაციების ბაზარზე. ამ მექანიზმის ამუშავების აუცილებლობა მაშინ დგას, თუ კომპანია არ ემორჩილება კომისიის გადაწყვეტილებას 4-ჯერ დარღვევის შემთხვევაში, 270 ათას ლარიან ჯარიმაზე გავიდა და არ აღსრულდა მაინც კანონის მოთხოვნა და კომისიის გადაწყვეტილება. კიდევ ვაზუსტებ, ეს საკითხი ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორების მხრიდან სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს და აქედან გამომდინარე იწვევს მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ანუ, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე გავრცელდება, რომლებიც მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დაკვალიფიცირდება“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა ბექაურის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კომისიას აქვს უფრო მძიმე ბერკეტი, რომელიც ავტორიზაციის გაჩერებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიას დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო ავტორიზაციას გაუჩერებს, ამით მნიშვნელოვნად დაზარალდება საზოგადოება, რადგან მომხმარებელი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩება, კომპანია კი დაიხურება.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით არის კანონში ცვლილებების შეტანა საჭირო, რათა დაიცვას, როგორც მომხმარებელი , ისე – სახელმწიფო ინტერესი და ბიზნესი.
„ყველას კარგად რომ ესმოდეს, დღეს კომუნიკაციების კომისიას, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლიც გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლისა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს. დიდი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო კომპანიების გაჩერება, სწორედ საზოგადოებასა და მომხმარებლების ინტერესს აზარალებს. შესაბამისად, როგორც გითხარით, ჩვენ არ გვჭირდება დამატებით უფრო მძიმე მექანიზმის შემოტანა კომპანიისთვის ჩვენი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ყველაზე ძლიერი მექანიზმი გვაქვს ლიცენზიის ჩამორთმევის სახით, ამიტომ არაფერში გვჭირდება იძულების გაძლიერება. ჩვენ უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი, რომ კომუნიკაციის გარეშე არ დარჩეს. ჩვენ უნდა გვქონდეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება, რომ აღვასრულებინოთ კომპანიას კანონი ისე, რომ ზიანი არავის მიადგეს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დღეს წარადგინა. კანონპროექტის განხილვა მომავალ კვირაში გაგრძელდება.