კახა ბექაური - ჩვენ ვცვლით თამაშის წესებს
კახა ბექაური - ჩვენ ვცვლით თამაშის წესებს

სატელეკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია.  ამ სფეროს მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც მოქალაქეები სრულად დისტანციური ცხოვრების რეჟიმზე გადავიდნენ და მხოლოდ საკომუნიკაციო სერვისებით ვუკავშირდებოდნენ გარე სამყაროს. მიუხედავად პანდემიისა, გასული  წელი აქტიური და ხმაურიანი იყო სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის და კომუნიკაციების კომისიისთვის.  ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი განცხადება მოვისმინეთ კომუნიკაციების კომისიის მისამართით, ვიდრე გასულ ხუთი წელიწადში ერთად. რით არის გამოწვეული „მაგთიკომის“ მხრიდან კომუნიკაციების კომისიის მწვავე კრიტიკა, თამაშის როგორი წესებია დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  და რას ცვლის კომუნიკაციების კომისია; რა სიახლეებს მოუტანს მომხმარებელს მობილური ვირტუალური ოპერატორის შემოსვლა ქართულ ტელეკომბაზარზე; რა გამოწვევებია ფიქსირებული ინტერნეტის მიმართულებით; რა ბუნებრივი უპირატესობა და პოტენციალი აქვს საქართველოს, გახდეს რეგიონი… ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საქართველოს პირველი არხი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსაუბრა.

ბატონო კახა, ინტერვიუს ერთ-ერთი ბოლო სიახლით დავიწყებ. რამდენიმე დღის წინ, 10 ივნისს ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უნდა შესრულდეს კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობაზე. მიუხედავად ამისა, მაუწყებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში 2013 წელს მიღებული ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ დამტკიცებული ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ფორმების შევსებას ითვალისწინებს, მედიის თავისუფლებას ზღუდავს და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეს ქმნის. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებ შემდეგ, როგორ აპირებს კომისია კანონის აღსრულებას და ზოგადად, როგორია დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით?

დიახ, რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ბოლო ინსტანციაა, მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიის   ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ შემუშავებული ფორმები აბსოლუტურად შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს.  შეგახსენებთ იმასაც, რომ უზენაეს სასამართლომდე ანალოგიური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს. დღეს უკვე მაუწყებლები, არა მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით და კანონით, არამედ სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებით არიან ვალდებულნი, გახადონ გამჭვირვალე საკუთარი შემოსავლები.

ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფით მედიის შეზღუდვა, აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მაუწყებლების დაუსაბუთებელი განცხადებების და  პოზიციის გამო წლების განმავლობაში არ სრულდებოდა ეს კანონი. ამის გამო ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ბევრჯერ  გახდა კრიტიკის ობიექტი. მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია, 2017, 2018, 2019 წლების ანგარიშებში,  სახელმწიფო დეპარტამენტი კანონის შეუსრულებლობის გამო მკაცრად გვაკრიტიკებდა. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი.

გაგახსენებთ იმასაც, რატომ იქნა მიღებული ფინანსური გამჭვირვალობის  შესახებ კანონი, ცვლილების მთავარი მიზანი მაყურებელის ინფორმირება იყო.  კანონმდებლებსა და ინიციატორებს ჰქონდათ ამოცანა, რომ საზოგადოება არაწინასაარჩევნო პერიოდშიც დეტალურად ყოფილიყო ინფორმირებული მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რამდენად ახდენს მაუწყებლების დაფინანსების წყარო, მათ შორის კომერციული დაფინანსება სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას.

ამჟამად კომისია აქტიურად მუშაობს ყველა მაუწყებელთან, რომ კანონი აღსრულდეს, მაუწყებლების დიდ ნაწილს დაწყებული აქვს კომისიის შემუშავებული ფორმების შევსება. იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ დაუწყია შევსება და ისევ ცდილობს არ შეასრულოს კანონი, კომისიამ გაუგზავნა წერილები და  შეახსენა კანონის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლები სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგაც არ შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებას, კომისია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, რაც პირველ ეტაპზე გაფრთხილებას შემდეგ კი ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებს.

100-ზე მეტი მაუწყებელია დღეს ქვეყანაში, ამ მხრივ მედიაგარემო პლურალისტურია. ამ ფონზე, თქვენი შეფასებით, დღეს რა გამოწვევების წინაშეა მედია?

სრულიად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენი კანონმდებლობა ევროპაში ყველაზე ლიბერალურია. ჩვენთან მაუწყებლობის დაწყება მარტივი ავტორიზაციით 10 დღეში ხდება. ასევე, ჩვენი კანონმდებლობა, ევროპულისგან განსხვავებით, უხამსობის გარდა, შინაარსის ნაწილში არც ერთ სხვა საკითხს არ არეგულირებს. მაუწყებლობის დაწყება ყოველგვარი ბარიერების გარეშე, მარტივი ავტორიზაციით, სწორედ მედია პოლიტიკისადმი სახელმწიფოს  ლიბერალურ მიდგომას აჩვენებს კარგად. პარადოქსია, რომ ასეთ მედიაგარემოში, სადაც ყველაზე თავისუფალი მიდგომაა, მაყურებელზე ორიენტირებული პროდუქტი ნაკლებად იქმნება. რეალურად, რატომ გვჭირდება თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემო? ცხადია იმისთვის, რომ საზოგადოებას, მაყურებელს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორც ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

რაც შეეხება გამოწვევებს, ამ მიმართულებით, ბოლო არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჩვენი მედიაგარემო პოლარიზებული, რადიკალური და სიძულვილის ენით გაჯერებულია. დღეს ჩვენს მედიაში, ხშირად, ყალბი ინფორმაცია ჭარბობს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, ხშირია მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩემი აზრით, სწორედ სიძულვილის ენის გამოყენებით და აგრესიით ხდება ყველაზე ხშირად განსხვავებული აზრის შეზღუდვა, რაც ოპონენტებს შორის ჯანსაღ დისკუსიას უშლის ხელს. ადამიანებს არ უნდათ აგრესიის და თავდასხმის ობიექტი გახდნენ და განსხვავებული აზრის გამოხატვისგან თავს იკავებენ.

რაში ხედავთ გამოსავალს, რომ მედია აღარ იყოს ასეთი პოლარიზებული? აღარ იყოს სიძულვილის ენით და ხშირად ყალბი ინფორმაციით გაჯერებული?

აქედან გამოსავალი ერთად უნდა მოვიფიქროთ აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობითა და დისკუსიით. ამ მიმართულებით აჩქარება, ან რაიმე რეგულაციის მიღება ძალიან საფრთხილოა, რადგან მედიის რეგულაცია ძალიან სენსიტიური საკითხია. მე შემიძლია გითხრათ, როგორ მოაგვარეს განვითარებულმა ქვეყნებმა ამ ტიპის პრობლემები და რა გამოცდილება  არსებობს.  მაგალითად, ევროპის ქვეყნებში –  სიძულვილის ენის ტირაჟირება აკრძალულია კანონით.  ევრო დირექტივების ჩვენs საკანონმდებლო ჩარჩოსთან ჰარმონიზაცია ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, სავალდებულოა. რა ხდება ჩვენთან? მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ამ მიმართულებით კანონი არ მიგვიღია და 2018 წლის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში გვაქვს შეტანილი.

საკითხის კანონით დარეგულირების გარდა, ევროპაში მედიის წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, აცნობიერებენ სიძულვილის ენის ტირაჟირების საფრთხეებს. ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება იმდენად მომზადებული და გათვითცნობიერებულია, რომ დისკუსიები ოპონენტებს შორის მაღალი სტანდარტით იმართება.  მოქალაქეები ერთმანეთთან ოპონირებას მყარი არგუმენტებით ახერხებენ, დაცინვის, მუქარის და სიძულვილის ენის გამოყენების გარეშე.

რაც შეეხება ყალბ ინფორმაციას, პოლარიზებას და პროპაგანდას, ევროპულმა ქვეყნებმა ეს პრობლემებიც დიდი ხანია მოაგვარეს. ამ ქვეყნებში არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც ემყარება სამ ფუნდამენტურ საკითხს. მათ შორის: პირველია სიზუსტე – ევროპაში მედიასაშუალებები ვალდებულნი არიან, ფაქტები სიზუსტით გადმოსცენ, არ დაამახინჯონ ამბავი; მეორეა ფაქტი და მოსაზრება –  მედია ვალდებულია ფაქტები და მოსაზრებები გამიჯნოს ერთმანეთისგან; მესამე – თუ რომელიმე მედიასაშუალებამ ამბავი ცალმხრივად გააშუქა, ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას ეთერი დაუთმოს.  ასეთია ევროპული მიდგომა.

მკითხეთ, როგორ უნდა მოვაგვაროთ ჩვენ ეს პრობლემები? არსებობს რამდენიმე გზა – ან გავყვეთ ცივილიზებული ევროპის გამოცდილებას, ან არა და ვთქვათ, რომ ევროპული რეგულაცია კარგია, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული რეგულაცია კარგია, მაგრამ კახა ბექაურია ცუდი და სანამ კახა ბექაურია კომუნიკაციების კომისიაში, ევროპული გზა არ გვინდა.

ჩვენთან ცუდი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ. ხშირად კანონი პერსონალიებზე იყო მორგებული, მაუწყებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სწორედ ამის შიში აქვთ ალბათ. წლების განმავლობაში, გვინახავს კომისია როგორ იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტს მედიის ცენზურისთვის…

მესმის, რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ წლების წინ ვინ რას აკეთებდა, ეს დღევანდელ კომუნიკაციების კომისიასთან რა კავშირშია? ჩვენ ხომ წლებია საქმით ვაჩვენებთ ჩვენს დამოკიდებულებას?  შეგახსენებთ, რომ უხამსობის რეგულირების თემაზეც დიდი დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა. მედიის და არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიას ამ საკითხის განხილვის უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, ამბობენ, რომ უხამსობის რეგულირებას ნეგატიური მიზნებისთვის ვიყენებთ, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ… მოკლედ, უამრავ ბრალდებას გვიყენებენ.

როგორ ვიქცევით ჩვენ? უხამსობის ნაწილში პირველ რიგში, ვრეაგირებთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაცდომებზე და არ გვაქვს მარტო გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები;  მეორე,  თუ ვიღებთ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, ვცდილობთ მაუწყებლებს არ დავაკისროთ ფინანსური ჯარიმა და მხოლოდ დარღვევა დავაფიქსიროთ. დარღვევის დაფიქსირება მნიშვნელოვანი საფეხურია, რათა საზოგადოებამ, მედიამ, ჩვენ ყველამ, ვისწავლოთ კანონის სწორად წაკითხვა და მისი პრაქტიკაში გამოყენება; მესამე – გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია სასამართლოებში, ველოდებით, რომ სასამართლომ თქვას, როგორი მიდგომაა სწორი და არის თუ არა ეს  კომუნიკაციების კომისიის განსახილველი საკითხი. ამ მიდგომით, ჩვენ,  როგორც სფეროს რეგულატორი, ვცდილობთ მაყურებლის საუკეთესო ინტერესების დაცვას.  ეს არის ჩვენი ხელწერა. როგორც ხედავთ, ერთია ბრალდებები და მეორეა რეალობა. თქვენ მედიის წარმომადგენელი ხართ,  თუ გაქვთ რაიმე სხვა ფაქტი ამ საკითხზე,  თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ, შეგიძლიათ მითხრათ.

არასამთავრობოების ნაწილი ამბობს, რომ  მედიაკრიტიკა, სწორედ მედიის განსხვავებული მეთოდით ცენზურის მექანიზმია. მას შემდეგ, რაც პლატფორმა ამუშავდა  არასამთავრობო სექტორის  და მედიის ნაწილი, ხშირად გდებენ ბრალს, რომ მუდმივად ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებთ და ე.წ. პროსახელისუფლებო მედიას – ნაკლებად, ეს დისბალანსი მართლაც  შესამჩნევია, როდესაც მედიაკრიტიკის ვებგვერდზე შედიხარ. რატომ? 

ასე ზედაპირულად თუ შევხედავთ,  რომელი არხი რამდენჯერ არის გაკრიტიკებული, შესაძლოა  დისბალანსი ნამდვილად დაინახოთ. ვინც ამ ბრალდებებს გვიყენებს, იმასაც ამბობს, რომ მედიაკრიტიკამ ბალანსი უნდა დაიცვას. ბალანსი ეთიკურ ჟურნალისტიკაში ზეაღმატებული სიტყვაა, რომლის შინაარსი, ვფიქრობ, განსხვავებულად ესმით. ბალანსის ხელოვნურად დაცვა,  სინამდვილეში, პირიქით, აკრძალულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტით. ახლა გადავიდეთ კონკრეტიკაზე:  ვთქვათ,  თუ ერთი თვის განმავლობაში  რომელიმე მაუწყებელი  100-ჯერ დაარღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს, ხოლო მეორე – 10-ჯერ, დარღვევის რაოდენობების ან მრავალფეროვნების მიუხედავად, თითოჯერ უნდა გაკრიტიკდეს ბალანსის დაცვის მიზნით?  ჩვენი გადმოსახედიდან ეს ასე არაა. კონკრეტულმა ერთმა ტელევიზიამ თუ დაარღვია პირობითად 100-ჯერ და იმავე დროის შუალედში მეორემ დაარღვია 10-ჯერ, ვინც 100-ჯერ დაარღვია, ის მეტჯერ იქნება კრიტიკის ობიექტი, რადგან 10-ჯერ მეტი დარღვევა ჩაიდინა. ჩვენი მიდგომა ჟურნალისტურ სტანდარტს ემყარება და არა ხელოვნურ ბალანსს. რაოდენობრივი დისბალანსი გამომდინარეობს დარღვევების რაოდენობიდან და სიმძიმიდან, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. დამოუკიდებელი მედიაკრიტიკა რომ საჭიროა, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური აზრი, ამას ვებ-გვერდის მომხმარებლების რაოდენობა აჩვენებს. ერთ წელიწადში  მედიაკრიტიკას 300 ათასი უნიკალური ვიზიტორი და მილიონი მკითხველი ჰყავდა,  რაც საზოგადოების მოთხოვნას და დამოკიდებულებას კარგად აჩვენებს.

„მაგთიკომის“ მიერ გაკეთებული განცხადებებზეც ვისაუბროთ, მაუწყებლებისგან განსხვავებით, ტელეკომ სფერო კრიტიკით არ გამოირჩეოდა, ბოლო ერთ წელიწადში კი, კომისიის მიმართ ბევრ ბრალდებას ჰქონდა ადგილი. რით არის გამოწვეული კომისიის ასეთი კრიტიკა?

ამას ერთი მთავარი მიზეზი აქვს – კომუნიკაციების კომისია დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე თამაშის წესებს ცვლის. ჩვენი მიზანია, როგორც მობილური მომსახურებების, ისე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი გაიხსნას. ეს ნიშნავს, რომ ვცვლით დიდი ოპერატორების მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც ისინი საკუთარი ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე უარს ამბობდნენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბაზარი უნდა იყოს ღია და დიდმა კომპანიებმა კომერციული, ურთიერთხელსაყრელი ტარიფით ყველა მსურველი ოპერატორი გაატაროს საკუთარ ქსელზე. თანამედროვე მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და საქართველო ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს. სატელეკომუნიკაციო ბაზრის პროგრესულმა მოთამაშეებმა უარი თქვეს ინფრასტრუქტურის მონოპოლიზაციაზე – თანამედროვე ტელეკომ ოპერატორები ანძებით და საკაბელო ინფრასტრუქტურით კი არ უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, არამედ მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მათზე მორგებული საკომუნიკაციო სერვისების შეთავაზებით. ჩვენთან ჯერ კიდევ, ძველი მიდგომებია – ზოგიერთი დიდი კომპანია საკუთარ პოზიციას იმით „ამყარებს“, რომ წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული მილიონობით ლარის ამოღება უნდა ვაცადოთ და სწორედ ამ მიზეზით არ უშვებენ სხვა კომპანიებს საკუთარ ქსელზე. ეს არ არის სწორი მოდელი, მათ აუცილებლად უნდა გაატარონ ახალი კომპანიები თავის ინფრასტრუქტურაზე, კომერციული ტარიფით, რაც მისცემთ შესაძლებლობას, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციები ამოიღონ. ეს არის სწორი მიდგომა. სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე ანძების მშენებლობა, არხის გათხრა და კაბელების გაყვანა ტელეკომ სფეროში დიდი ხანია აღარ არის კონკურენციის ადგილი. ახალი, ინოვაციური პროდუქტების შექმნა, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი საკომუნიკაციო სერვისების შეთავაზება და მათი მომსახურება – ეს არის  მიმართულებები, სადაც  კომპანიებმა ერთმანეთს კონკურენცია უნდა გაუწიონ.

რატომ გვინდა ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაძლიერება? ეს პირდაპირ აისახება მომხმარებლებზე, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში, გაიზრდება საკომუნიკაციო სერვისების ხარისხი, ასევე, კონკურენცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს მომსახურების ფასებზე.

როგორც იცით, მობილურ მომსახურებას საქართველოში, დღეს სამი ოპერატორი აწვდის მომხმარებელს – „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“. მათ ამ მომსახურების მისაწოდებლად სიხშირული რესურსი აქვთ მინიჭებული. სიხშირული რესურსი ქვეყნის ამოწურვადი, შეზღუდული რესურსია, ამიტომ კომპანიებს სიხშირული რესურსის გამოყენების უფლებას (ლიცენზია) სახელმწიფო ანიჭებს და სანაცვლოდ მათ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ახალი კომპანიის გატარება სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვალდებულებაა.

მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ სამ ოპერატორს შორის, „მაგთიკომს“ და „სილქნეტს“ ბაზრის 80%-ზე მეტი  უკავია, რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ საბაზრო წილი თითქმის 80%-ია, დანარჩენი 20% კი 300-მდე პატარა კომპანიაზეა გადანაწილებული. ეს გარემოებაც ნათლად მიგვანიშნებს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ სუსტ კონკურენციაზე.

სწორედ თქვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს და რეგულაციებს ხომ არ უკავშირდება რიგი კომპანიების უკმაყოფილება?

როგორც უკვე გითხარით, კომუნიკაციების კომისია ცდილობს, ხელი შეუწყოს ისეთ გარემოს, რომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები და წახალისდეს კონკურენცია. სწორედ ეს არ მოსწონს მაგალითად, „მაგთიკომს“.  ის ცდილობს,  თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს ბაზარზე შემოსვლის მსურველებს. სწორედ ამითაა გამოწვეული მათი არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ  დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელიც ბოლო დროს პერსონალურ ცილისწამებასაც კი შეიცავს. ვერანაირი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება ვერ მოახდენს გავლენას კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებზე. მითუმეტეს მაშინ,  როდესაც, კომუნიკაციების კომისიის ყველა ნაბიჯი დამყარებულია კანონის მოთხოვნებსა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  ასეთი ფორმით კომუნიკაცია, მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომ ბაზრის განვითარებას აფერხებს. ამ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაძლიერება კი უალტერნატივო და გარდაუვალი პროცესია. კომუნიკაციების კომისია უსაფუძვლო ბრალდებებს ვერ აყვება, პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ „მაგთიკომს“ დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს.

იზიარებენ თუ არა კომისიის მიმართ ამ უკმაყოფილებას მაგთიკომის გარდა სხვა კომპანიებიც?

მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო საწარმოების კეთილდღეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის. სატელეკომუნიკაციო სექტორში 300-ზე მეტი ოპერატორი გვყავს. არსებობს „მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“, რომელიც 150-მდე ოპერატორს აერთიანებს, ისინი ხშირად საუბრობენ იმ პრობლემებსა და შეზღუდვებზე, რაც დარგს სწორედ დომინანტი ოპერატორების მხრიდან უდგას. ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები „მაგთიკომის“ წერილსაც გამოეხმაურნენ და მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. განაცხადეს, რომ დარგის სახელით მხოლოდ „მაგთიკომი“ არ უნდა საუბრობდეს და დარგს მცირე და საშუალო ოპერატორებიც წარმოადგენენ. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომ ინდუსტრიის მცირე და საშუალო ოპერატორები, სწორედ კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელმა რეგულაციებმა გადაარჩინა. საგულისხმოა, რომ განცხადებაში სწორედ ის გადაწყვეტილებებია დასახელებული, რასაც „მაგთიკომი“ უაპელაციოდ აკრიტიკებს. „მაგთიკომი“ თავის განცხადებაში ამბობს, რომ კომისიასთან დაპირისპირებულია თითქმის მთელი სექტორი. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ  მცირე და საშუალო კომპანიების განცხადება, რომლითაც ღიად დააფიქსირეს, რომ არ ეთანხმებიან „მაგთის“. თუმცა, ჩვენ არ მოგვისმენია  „ბილაინის“ და „სილქნეტის“ აზრი. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ „მაგთიკომი“ „სილქნეტის“ და „ბილაინის“ სახელითაც  საუბრობს. ეს გასაკვირი იყო, განსაკუთრებით კომპანია „ბილაინისგან“, რადგან მისი ხელმძღვანელობა, არაერთ სამუშაო შეხვედრაზე აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურის გაზიარება აუცილებელია ტელეკომის განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, აქამდე საქართველოში არც ერთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ დიდ კომპანიებს საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ოპერატორი გაეტარებინათ. თავად კომპანიები ამის მიზეზად მსურველების არარსებობას ასახელებდნენ. თუმცა, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ  დღესაც არიან მსურველები, რომლებსაც სამივე მობილურ ოპერატორთან აქვთ მოლაპარაკებები. ეს სურვილი ღიად არის დაფიქსირებული საჯარო სივრცეშიც.  ქსელის ოპერატორები ამბობენ, რომ მზად არიან ვირტუალური ოპერატორებისთვის გახსნან კარი. თუ დავინახავთ, რომ სავალდებულო რეგულაციის გარეშეც გაიხსნება ბაზარი და ვირტუალური ოპერატორები საქმიანობას კომერციული პირობებით დაიწყებენ, რა თქმა უნდა, დამატებითი რეგულაციის საჭიროება აღარ იქნება და კომისია 2019 წელს მიღებულ სავალდებულო დაშვების რეგულაციას გააუქმებს.

ბაზარზე წინასწარი რეგულაციის არსებობა, ჩვენი თვითმიზანი არ არის. 2019 წელს ვირტუალური ოპერატორის დაშვების სავალდებულო რეგულაცია მივიღეთ მხოლოდ იმიტომ, რომ საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად,  წლების მანძილზე, კომერციულ საწყისებზე,  საქართველოში არც ერთი ვირტუალური ოპერატორი არ გაჩნდა.

ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 2005 წლიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია   ეგრეთწოდებული დაშვების ვალდებულება, რაც ასევე, ვირტუალურიოპერატორისგატარებასაც გულისხმობს. რა განსხვავებაა არსებულ კანონსა და კომუნიკაციების კომისიის 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას შორის? ჩვენი გადაწყვეტილებით, კანონის მოთხოვნა კიდევ უფრო დაკონკრეტდა. კერძოდ,  ქსელის ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, წინასწარ გამოაქვეყნონ საკუთარ ინფრასტრუქტურაზე სხვა კომპანიის გატარების კომერციული პირობები იმისთვის, რომ ბაზარზე შემოსვლის მსურველები  თანაბარ პირობებში იყვნენ. სიახლე მხოლოდ ესაა.  საკანონმდებლო მოთხოვნა ქვეყანაში  ისედაც არსებობს 2005 წლიდან.

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, კარგად რომ აუხსნათ ჩვენ მკითხველს, რას ნიშნავს ვირტუალური ოპერატორი, ე.წ. MVNO?  რა შესაძლებლობებს ქმნის ბაზრისთვის და რაც მთავარია მომხმარებლებისთვის?  

თანამედროვე ტელეკომ ინდუსტრია დიდი ხანია მივიდა დასკვნამდე, რომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალურ ოპერატორებს (MVNO) ისეთი სერვისების განვითარება შეუძლიათ, რომელიც დიდი კომპანიების ინტერესის სფერო არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ვირტუალურ ოპერატორებს  ქსელის შექმნაზე არ უწევთ რესურსების დახარჯვა, უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები შექმნან და ინდივიდუალურად დააკმაყოფილონ აბონენტის მოთხოვნები. ვირტუალურ ოპერატორს შეუძლია ძალიან კონკრეტულ, ვიწრო სამომხმარებლო ჯგუფზე ააწყოს და განავითაროს სერვისი. ესენი შეიძლება იყვნენ სტუდენტები, უფროსი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დავუშვათ – მე.

ვირტუალური ოპერატორები ინოვაციური სერვისების შექმნის და შეთავაზების ხარჯზე  ტელეკომ  ბაზარს ზრდიან და უფრო მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აჩენენ.  დამატებითი შემოსავლები, ასევე მიდის დიდ ოპერატორთან, რადგან ქსელი, როგორც უკვე გითხარით, პატარა ოპერატორს სწორედ მისგან აქვს ნაქირავები. მსოფლიომ აღიარა, რომ ეს მოდელი ორმხრივად მომგებიანია. MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება კონკურენცია. ასე მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც სატელეკომუნიკაციო ბაზარი უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენთან.  რატომ გვჭირდება MVNO და რას მოგვიტანს?  მარტივი ჭეშმარიტება აქაც მუშაობს – მეტი კონკურენცია ქმნის უკეთეს ხარისხს და მრავალფეროვან მომსახურებას უკეთეს ფასად. ვირტუალური ოპერატორის შემოსვლა სწორედ ამ სიკეთეს მოიტანს მომხმარებლებისთვის.

როგორც ცნობილია, ბევრ ქვეყანაში არსებობს მობილური ვირტუალური ოპერატორი. როგორია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება MVNO ოპერატორებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ რამდენიმე მაგალითი გაგვიზიაროთ? 

ცხადია, MVNO ქართული „ნოუ ჰაუ“ არ არის. მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 1300-ზე მეტი მობილური ვირტუალური ოპერატორია რსებობს, მათ ისაბაზრო წილი კი მსოფლიო მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის საშუალოდ 7.5%-ია. სატელეკომუნიკაციო სფეროში ყველაზე დიდი წილი აბონენტების რაოდენობით, ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში უკავიათ. დანიაში MVNO-ები 18 წელია არსებობს, 2018-2019 წლის მონაცემებით, 50-მდე MVNO-ა და მათ აბონენტების 34%, ხოლოშემოსავლებით – 7% უკავიათ. გერმანიაში სულ 135 ვირტუალური ოპერატორია (MVNO), რომლებიც ერთად, აბონენტების მიხედვით, მობილური ტელეკომ ბაზრის მხოლოდ 20%-ს ფლობენ, ხოლო შემოსავლებით – 28%-ს.  ყველაზე მეტი MVNO ამერიკის შეერთებულშ ტატებშია, ჯამში, 139 კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ MVNO-ები 17 წელია, ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შევიდნენ, მათ ბაზრის მხოლოდ 4.7% დაიკავეს. ეს მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ MVNO კომპანიებს  ტელეკომ ბაზრის შემოსავლების  დიდი წილი, არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ და შემოსავლების კუთხით მძაფრ კონკურენციას ვერ უწევენ ქსელის მფლობელ დიდ კომპანიებს,  თუმცა,  ისინი ზრდიან კონკურენციას ნიშურ სერვისებზე და ბაზარს განვითარებაში ეხმარებიან. მობილური ვირტუალური ოპერატორი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არსებობს.

„კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში ამიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებისშ ეცდომაში შეყვანას. კომუნიკაციების კომისი ამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ,რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. კომუნიკაციების კომისია უგულვებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს“, – ეს არის ამონარიდიმაგთიკომის ბოლო განცხადებიდან. რას უპასუხებთ მაგთიკომის ამ პოზიციას?

სამწუხაროდ,  „მაგთიკომის“ ბოლო განცხადებაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. კომუნიკაციების კომისიამ MVNO ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილების მიღებამდე, ორ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას დაუკვეთა კვლევა, რომლის მიხედვითაც შესწავლილია საერთაშორისო პრაქტიკა და რისკები. საერთაშორისო კომპანიების მიერ წარმოდგენილი დასკვნები საჯაროა. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ამ დასკვნებს  და მარტივად დარწმუნდეს, რომ „მაგთიკომის“ ბრალდება რბილად, რომ ვთქვათ სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს, კომისიის გადაწყვეტილებები  ყოველთვის სრულ შესაბამისობაში ITU-ს რეკომენდაციებთან, მათ შორის ვირტუალური მობილური ოპერატორების დაშვებასთან დაკავშირებით. ITU-ს დოკუმენტს, რომელიც სწორედ უსაფრთხო დაშვების პარამეტრებს განსაზღვრავს, „მაგთიკომმა“ არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა და ის MVNO-ს რისკების და შედეგების დოკუმენტად დააკვალიფიცირა. ITU- არაერთი ანალიტიკური ანგარიში და სტატია აქვს MVNO ბენეფიტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული და აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულების მხარდაჭერას.

MVNO-ს სპეციფიკურ კიბერუსაფრთხოების რისკებზე საუბარი ასევე უსაფუძვლოა. უსაფრთხო დაშვების ვალდებულება, თავად ქსელურ ოპერატორებსაც აქვთ,  მათ ვირტუალური ოპერატორი იგივე წესების დაცვით უნდა დაუშვან თავის ქსელზე,  როგორც ამას ურთიერთჩართვის დროს ადგილობრივ ან როუმინგ ოპერატორთან აკეთებენ. ასეთი სტანდარტით ხელმძღვანელობს მსოფლიოში ყველა  ქსელის  ოპერატორი და ამავე პრინციპით ატარებს საკუთარ ქსელზე MVNO-ს .

სატელეკომუნიკაციო ბაზარი, კონკურენციის წახალისების გარდა, რა ამოცანების ან გამოწვევების წინაშე დგას?

იმის გამო, რომ დღეს ჩვენთან ტელეკომ ბაზარი საკმარისად  გახსნილი და კონკურენტული არ არის, ვერ ხდება საბოლოო მომხმარებლისთვის სათანადო ხარისხის, არჩევანის და ფასის უზრუნველყოფა. სწორედ სათანადო კონკურენციის არარსებობის გამო დაიწყო კომუნიკაციების კომისიამ 2020 წელს საცალო მომსახურების ტარიფების კონტროლი.  კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს ფასის გაძვირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას კომპანიები წინასწარ ათანხმებენ. სწორედ დაბალი კონკურენციის გამო მოუწია კომუნიკაციების კომისიას საცალო სატარიფო კონტროლის დაწესება, რადგან კომისიის მთავარი ამოცანა  აბონენტების ინტერესების დაცვაა. ნორმალური, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ასეთი რეგულაციის საჭიროება, არ დადგებოდა. კონკურენტული და გახსნილი ბაზარი თავად განსაზღვრავს თამაშის წესებს და აღარც ჩვენ მოგვიწევს საცალო ტარიფის რეგულირება. სწორედ ამას ცდილობს კომუნიკაციების კომისია. ბაზრის გახსნა გარდაუვალია – ეს არის პროგრესი, რომელიც ამ დარგს სჭირდება.

თუმცა, ამ შემაკავებელ მექანიზმს აქვს მეორე მხარეც – ბაზრის გახსნასთან ერთად, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ დარგს იმაში, რომ სწორად და ეფექტურად მოახდინოს ინვესტირება სექტორის განვითარებისთვის. როგორც იცით, ციფრული ეკონომიკა დინამიურად ვითარდება  და ე.წ. ტექნოლოგიური გიგანტების მიერ შექმნილი პროდუქტები, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებენ ტელეკომ ოპერატორებს. სექტორმა ახალი ტექნოლოგიები სწრაფად უნდა დანერგოს, რათა ციფრული პროდუქტებით და სერვისებით შეძლოს ხარისხიანი კონკურენცია. ეს ყველაფერი კი დამატებით ინვესტიციას მოითხოვს. დღეს ამ ყველაფერს ლარის კურსის ცვალებადობა და სავალუტო სესხები ემატება, კომპანიებს ეზრდებათ ხარჯები, ეს ყველაფერი covid-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გამძაფრებულია. ამის პარალელურად, როგორც გითხარით, მათ საცალო ფასებში მოქნილობა არ აქვთ, რაც ნამდვილად სჭირდებათ. ეს მოქნილობა საცალო სეგმენტზე მათ მისცემს საშუალებას გაუმკლავდნენ სავალუტო რისკებსაც. აქედან გამომდინარე,  კომუნიკაციების კომისიამ დაიწყო საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც გადახედავს საცალო რეგულაციის გადაწყვეტილებას.

ფიქსირებული ინტერნეტის სეგმენტზეც რომ ვისაუბროთ – ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი შერწყმა მოხდა – „მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო აქტივების და კომპანია „დელტაკომის“ 100%-ის შეძენა, ასევე, ცოტა მოგვიანებით „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ ყიდვა. როგორ იმოქმედა ამან ბაზარზე და მომხმარებლებზე? რა გამოწვევებია ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე?

ფიქსირებული მომსახურების ბაზარზე კონკურენციის არარსებობა ყოველთვის პრობლემა იყო, რაზეც  კომუნიკაციების კომისია მუდმივად საუბრობდა. განსხვავებით ფიქსირებული ბაზრისგან, 2019 წლამდე კონკურენცია მეტ-ნაკლებად არსებობდა მობილურ კომუნიკაციებში. რა შეიცვალა? თავად ახსენეთ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომხდარი ორი დიდი გაერთიანება – ერთ შემთხვევაში „მაგთიკომი“, რომელიც მხოლოდ მობილურ მომსახურეობებს აწვდიდა მომხმარებლებს, 2016 წლიდან ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე შევიდა,  როდესაც „კავკასუს ონლაინის“ საცალო აქტივები და კომპანია „დელტაკომი“ შეიძინა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წელს, „სილქნეტმა“ შეიძინა „ჯეოსელი“. ანუ, „სილქნეტი“ უკვე ფიქსირებული ინტერნეტის გარდა, მობილური კომუნიკაციების ბაზარზეც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების რაოდენობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების დიდი ნაწილის ერთი კომპანიის ხელში გადასვლამ, ნეგატიური გავლენა მოახდინა მობილური ბაზრის კონკურენტულობაზე და აქაც შეიზღუდა კონკურენცია.  იცით, რომ ბაზარზე არსებული მესამე კომპანია („ბილაინი“) მხოლოდ მობილურ კომუნიკაციებს აწვდის მომხმარებელს და ის არ ფლობს ფიქსირებული ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, შესაბამისად, ვერ უწევს სათანადო კონკურენციას  ბაზარზე არსებულ ორ დიდ კომპანიას.

კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნა ბაზრის კვლევა, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა. ამ კვლევის შედეგები  კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშშიც არის ასახული, სადაც ეწერა, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრისგან განსხვავებით, მობილური კომუნიკაციების ბაზარი მეტ-ნაკლებად კონკურენტული იყო. 2020 წლის ანგარიშში ნახავდით, რომ სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია და კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე გარემო საკმარისად კონკურენტული აღარ არის. როგორც უკვე გითხარით, იმ ფაქტმა, რომ ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების  ბაზრის დიდი წილი ორი დიდი კომპანიის ხელში გადავიდა,  სწორედ კონკურენტულ გარემოზე მოახდინა გავლენა.

ალბათ მკითხავთ – რატომ მისცა კომუნიკაციების კომისიამ გაერთიანების უფლება ამ კომპანიებს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, ამ მიმართულებით არ არსებობდა შესაბამისი  საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა, რადგან ფიქსირებული და მობილური კომპანიების შერწყმა მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზეც შედარებით ახალი დაწყებული იყო. ამიტომაც, დღევანდელი გადასახედიდან, საინტერესოა ამ უმნიშვნელოვანესი შერწყმების კიდევ ერთხელ შეფასება. მთლიანი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზი და არსებული გამოწვევების შეფასება ევროკავშირის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით მოხდება, რომლის ფარგლებშიც შევისწავლით ამ ორი გაერთიანების შედეგებს. შესწავლის მიზანი ბაზრის განვითარებისთვის საჭირო და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა.

ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე. თამაშის წესები აქაც შესაცვლელია.ამ ბაზრის განვითარების გასაღები ე.წ. „ბიტსტრიმ“ (Bitstream)  რეგულაციაა. რას ნიშნავს „ბიტსტრიმი“? ეს არის ფიქსირებული, ანუ სახლის ინტერნეტის მიწოდების ისეთი პრინციპი, როდესაც ერთი  ოპერატორი მეორე ოპერატორის ქსელს ქირაობს და ასე აწვდის ბოლო მომხმარებელს მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურებას. „ბიტსტრიმ“ რეგულაცია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში სავალდებულოა, რადგან ასეთი მოდელი საშუალებას იძლევა, ოპტიმალურად განვითარდეს ქსელები, გაიზარდოს მომსახურეობის ხარისხი, განვითარდეს ციფრული პროდუქტები და მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს.  „ბიტსტრიმის“ მოდელის შემთხვევაში, ერთი ქსელის გამოყენებით ბევრ კომპანიას შეუძლია მაღალი ხარისხის ინტერნეტ სერვისები მიაწოდოს ბოლო მომხმარებელს. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ მობილური კომუნიკაციებისგან განსხვავებით, სადაც კომერციული პირობებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, ფიქსირებულ ბაზარზე თავისუფალი გატარება წინასწარ დადგენილი ტარიფით ხდება.

ქსელის გაზიარების მსგავსი მიდგომა უკვე არსებობს საქართველოში. მაგალითად,  ელექტროენერგიის მიწოდებაში: თქვენ იცით, რომ „თელასს“ აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა და იცით, რომ „თელასის“ ქსელით ელექტროენერგიას მომხმარებელს ბევრი კომპანია აწვდის. „თელასს“ აქვს ვალდებულება, რეგულირებული ტარიფით  ყოველ მსურველს მისცეს საშუალება მისი ქსელით მიაწოდოს ელექტროენერგია ბოლო მომხმარებელს. როგორც აღვნიშნე, იგივე მოდელია  ევროპაში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც. ამ მოდელის დანერგვას ვცდილობთ ჩვენც ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე.  ევროპული რეგულაციის მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან  წინასწარ დადგენილი ტარიფით, თავის ქსელზე ნებისმიერი მსურველი გაატარონ.

რა შესაძლებლობები არსებობს, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ევროპული რეგულაციები ჩვენთანაც ამუშავდეს? 

დღეს 2021 წელია, 21-ე საუკუნეა და ჯერ არ არსებობს ისეთი დროის მანქანა, რომ წარსულში დავბრუნდეთ. ამ რეგულაციებს ალტერნატივა არ აქვს.ციფრული ეკონომიკა სულ უფრო დიდ წილს იკავებს თანამედროვე მსოფლიოში. მოდით, შევადაროთ საქართველოს მთლიან ეკონომიკაში სატელეკომუნიკაციო სექტორის წილი ისეთ ქვეყნებს, რომელთა შედარებაც ზომიდან გამომდინარე რელევანტურია. მაგალითისთვის, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მაკედონია, სერბეთი, უნგრეთი – ტელეკომის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 3%-ზე მეტია, რაც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის წილზე 2-ჯერ მაღალია. ამ ქვეყნებმა შეძლეს ციფრული პოტენციალის უკეთესად გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც  მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი –  საქართველო უნდა გახდეს ციფრული ინოვაციური პროდუქტების მიმწოდებელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. ასეთი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ინვესტორ კომპანიებს სჭირდებათ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და გახსნილი ბაზარი, ამიტომაც უნდა შეიცვალოს თამაშის წესები და ქვეყანამ ეს შესაძლებლობები სრულად აითვისოს.

როგორ უნდა დაუახლოვდეს ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი საერთაშორისო სტანდარტებს?

უკვე მოგახსენეთ, რომ ბაზრის გახსნაზე ორივე (მობილური და ფიქსირებული)  მიმართულებით  ვმუშაობთ. შესაბამისად, სტანდარტების დაახლოების  პროცესი დაწყებულია. მსოფლიოში ტელეკომ ოპერატორები დიდი ხანია ცდილობენ ფეხი აუწყონ ციფრულ ტრანსფორმაციას და ტელეკომის მოძველებული კონცეფცია ახლით შეცვალონ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ადრე ტელეკომ ოპერატორებისათვის მთავარი აქტივი ინფრასტრუქტურა იყო, ახლა თანამედროვე ტელეკომის განვითარების ძირითადი მიმართულება მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შექმნაა.  ტელეკომ ოპერატორები ცდილობენ მათი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მისაწვდომი გახადონ ახალი ციფრული პროდუქტების დასანერგად. ასეთი მოდელი, როგორც თავად ოპერატორებისთვის, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც, ეფექტური შესაძლებლობაა. გვინდა, რომ ქართული სატელეკომუნიკაციო სფეროც ახალი ტელეკომ მოდელით მუშაობდეს. მსოფლიოს პროგრესულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა აღიარეს, რომ ძველი მოდელი და ფილოსოფია დღეს ეფექტურად აღარ მუშაობს. აღიარეს, რომ ინფრასტრუქტურის გაზიარება და თავისუფალი გატარება, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ  ტელეკომის განვითარებას შევაფერხებთ, ეს საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. თანამედროვე სამყაროში კი პროგრესი გარდაუვალია.

ციფრულ ჰაბზე უნდა გკითხოთ. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობთ ჩვენი ქვეყნის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივებზე. ამ საკითხზე უკვე ხუთი წელია მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობთ.  უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით?

დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში მომავლის ეკონომიკა ციფრული აბრეშუმის გზაზე გადის. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მსოფლიოში ციფრული ეკონომიკა ტრილიონობით აშშ დოლარს ითვლის, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს გეოგრაფიული უპირატესობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მაგალითად, საქართველოს გავლით წლებია ფუნქციონირებს  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი.  საუბარია იმაზეც, რომ  ჩვენი ქვეყანა გახდეს სატრანსპორტო კვანძიც, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს. ასევე, განიხილება სამხრეთ კავკასიის  ციფრული ჰაბის  შექმნის საკითხი. მსოფლიო ბანკთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ხაზი საქართველოს გავლით ერთ-ერთი ყველაზე მოკლეა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროპასა და აზიას შორის 370 ტერაბიტ/წამი ინტერნეტის გატარების პოტენციალი ექნება, რაც ევროპა – ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 45%-იან წილს ნიშნავს. ამ ტრანზიტით შექმნილი პოტენციალი, პირველი 5 წლის შეფასებით, ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავლის მომტანი იქნება, ყველა შემდეგ წელს კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის, სწორედ საქართველოს აქვს უნიკალური გეოპოლიტიკური და ინფრასტრუქტურული – ბუნებრივი უპირატესობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს უპირატესობა  ეფექტურად გამოვიყენოთ. ჩვენი გეოგრაფიული უპირატესობიდან გამომდინარე, პროდუქტის მწარმოებელი გიგანტი კომპანიებისთვის, როგორიც არის „ამაზონი“, „გუგლი“, „ფეისბუქი“, „ნეტფლიქსი“ და სხვა, საკუთარი მონაცემთა გაცვლის ცენტრების მოსაწყობად, საქართველო ყველაზე  სწორი და მომგებიანი ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ გესმით, რამხელა ინვესტიციებზეა საუბარი, თუ ასეთი ტექნოლოგიური გიგანტები საკუთარ მონაცემთა ცენტრებს საქართველოში განათავსებენ. ინვესტიციების მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, ერთ მაგალითს გეტყვით  – რამდენიმე თვის წინ „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ იტალიის ჩრდილოეთით საკუთარი მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. როდესაც მხოლოდ ერთი კომპანიის მონაცემთა ცენტრი მილიარდიან ინვესტიციას მოიცავს, წარმოიდგინეთ, ციფრული ჰაბის საქართველოში შექმნის შემთხვევაში, რამდენი ასეთი მონაცემთა გაცვლის ცენტრი აშენდება და რამხელა ინვესტიციებს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ინვესტიციები, რომელიც სხვა დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ეკონომიკის განვითარებისა, ამას სხვა სარგებელიც აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი მიმართულებაა საინფორმაციო უსაფრთხოება, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, როგორც კომისია აცხადებს, წელიწადზე მეტია უკანონოდაა გასხვისებული. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მფლობელი ქართულ კანონმდებლობას არ დაიცავს და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდება, ხომ არ არის შესაძლებელი, სამხრეთ კავკასიის ციფრული ჰაბი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მაგალითად აზერბაიჯანში გაკეთდეს და ეს შესაძლებლობა საქართველომ დაკარგოს?

რადგან რისკები არსებობს, კანონიც ამიტომ მოითხოვს წინასწარ თანხმობას. კანონის მოთხოვნა არ შესრულდა და ჩვენ არ მოგვეცა საშუალება წინასწარ, როგორც ამას კანონი მოითხოვს, სრულყოფილად გამოგვეკვლია, რა გავლენას მოახდენდა ასეთი ტრანზაქცია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ეკონომიკასა და საინფორმაციო უსაფრთხოებაზე.

ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელებაში, როგორც საქართველოს, ისე ჩვენი მეზობელი ქვეყნების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ პროექტში ყველა უნდა იყოს ჩართული. როგორც აღვნიშნე,  საქართველოს  ამ პროექტში აქვს ბუნებრივი უპირატესობა, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების პროცესში, არ უნდა იქნას ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს შელახავს. დღევანდელი მდგომარეობით არის რისკი, რომ უკანონო გაყიდვის ფონზე, საქართველო ამ პროექტში გახდეს რიგითი მოთამაშე, პროცესზე დამკვირვებელი და აღარ ეკავოს წამყვანი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, ყველას ინტერესის გათვალისწინება გვინდა და ამას  გავაკეთებთ კიდეც,  მაგრამ, ჩემი აზრით,  ჩვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს მეორე მხარის მიერაც.

კომისიის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით თქვით, რომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელმა ნასიბ ჰასანოვმა მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები?  

ამ თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად არის. არსებობს წინაპირობები, რომ ურთიერთშეთანხმება  მოხდეს. პოზიტიური ნაბიჯი იყო, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ საერთაშორისო არბიტრაჟში შეაჩერა პროცესი. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ეს მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დასრულდეს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვფიქრობ, რომ როგორც ბევრ სხვა საკითხში, წლების განმავლობაში გვქონია წარმატებული თანამშრომლობა, აქაც ვიპოვით გამოსავალს და მნიშვნელოვან ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს ერთად განვახორციელებთ ისე, რომ არც ერთი ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს.

და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, ტელეკომის და მაუწყებლობის სფეროს განვითარების მიმართულებით კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი,  ევროპის საუკეთესო პრაქტიკებთან  დაახლოებისკენ სწრაფვაა. ყველა ცვლილებას და სიახლეს კი თითქმის ყოველთვის ახლავს გარკვეული შიში და მიუღებლობა, შესაბამისად,  რაც ახლა ხდება – ახსნადია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ ყველა გამოწვევა რაზეც დღეს ვისაუბრეთ დაძლეული იქნება. გვეყოლება ვირტუალური ოპერატორები, გვექნება კონკურენტული სატელეკომუნიკაციო ბაზარი, დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში.