კახა ბექაური - აქტიურად ჩავერთვები საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში და გავუზიარებ ჩემ მოსაზრებებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს.
კახა ბექაური აღნიშნულ ტელეკომპანიას მიმართავს და წერს, რომ გადაწყვიტა, უფრო აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში და სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შესაბამისობის შესახებ თავისი მოსაზრებები გაუზიაროს საზოგადოებას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
„Rustavi 2 – თქვენი სატელეფონო ზარის შემდეგ, დავინტერესდი, ვინ არიან წარდგენილები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებად. ნამდვილად არ ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, რადგან კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის სამართლებრივ პროცედურებში, რაც გითხარით კიდეც სატელეფონო კომენტარში. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელიც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. სიის ნახვის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ აღარ დავტოვო ეს საკითხი უყურადღებოდ და მეტად აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში. მათ შორის, გავუზიარო ჩემი მოსაზრებები კანდიდატების შესაბამისობის შესახებ, საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს“, – წერს კახა ბექაური.