კახა ბექაური - 2012 წლამდე შეუძლებელი იყო ახალი მაუწყებლობის დაწყება, 2015 წლიდან ეს ფუნდამენტურად შეიცვალა და დღეს 10 დღეშია მაუწყებლობის დაწყება შესაძლებელი
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად – როგორია დღეს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა და პლურალიზმი 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა და დღეს მედია საქართველოში სრულად თავისუფალი და პლურალისტულია.
„2012 წლამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო რადიო და ტელემაუწყებლობის გახსნა, რადგან კანონი ითვალისწინებდა ლიცენზიის გაცემას და ლიცენზიის საშუალებით საქმიანობის დაწყებას. 2003 წლიდან 2012 წლამდე, ერთეული გამონაკლისების გარდა, ახალი მაუწყებლობა არ გახსნილა და ისიც სამთავრობო პროპაგანდისთვის გახსნეს. 2015 წლიდან ფუნდამენტურად შეიცვალა კანონი და მაუწყებლობის დასაწყებად ლიცენზიის გაცემა აღარ არის საჭირო. საქართველოში სრულად გაუქმდა სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზირების სისტემა და დღეს ნებისმიერ პირს, მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით, 10 სამუშაო დღეში შეუძლია, მიიღოს მაუწყებლობის უფლება. ეს დაახლოებით იგივე პროცედურაა, რაც რომელიმე ვებგვერდზე ორ წუთში გაიაროთ ავტორიზაცია, დაახლოებით ასეა გამარტივებული მაუწყებლობის დაწყება დღეს ჩვენთან. დღეს არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ რაიმე ტიპის შეფერხება შექმნას, თუ ვინმეს მაუწყებლობის დაწყება უნდა. 2012 წლამდე ოთხი ეროვნული მაუწყებელი არსებობდა, მასში შედიოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ახლა გვაქვს 20 ეროვნული მაუწყებელი და ზოგადად, 100 მეტი მაუწყებელი. პლურალიზმის თვალსაზრისით ძალიან დიდი სხვაობაა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.