კახა კალაძე - ძალიან დიდი ტყუილია, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება, შეცდომაში არ შეგიყვანონ ბინძურმა პროპაგანდისტებმა
კახა კალაძე - ძალიან დიდი ტყუილია, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება, შეცდომაში არ შეგიყვანონ ბინძურმა პროპაგანდისტებმა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განავლობაში პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

კალაძე განმარტავს, რომ სიცრუეა, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება.

კახა კალაძის განცხადებით, პარკირების ფასები უცვლელი რჩება. ამასთან, კალაძის განმარტებით, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე არსებული ერთლარიანი საფასური რჩება, ამავდროულად, მერიას შემოაქვს სააბონემენტო პაკეტები და მოქალაქეს აქვს არჩევანის საშუალება – იყიდის ის, ვისაც ამის სურვილი ექნება.

„მინდა, შევეხო ერთ კონკრეტულ საკითხს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური გახლდათ. ეს იყო ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია. ზოგადად, ვიცით, რომ ფეიკნიუსი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა არის კონკრეტული ტელევიზიები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ზოგადად ამით საზრდოობენ და ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა, ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. საქმე ეხება სიცრუეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური იყო, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მეგობრებო, არ დაუჯეროთ, არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა.

იმის მაგივრად, რომ ოპოზიციას კარგად წაეკითხა ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტი, ან მოესმინა მერიის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისთვის და ხალხი არ შეეყვანა შეცდომაში, თუმცა მგონია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, ძალიან კარგად იციან მათ, რასთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებები ხდება, რა რეფორმები ხორციელდება, მიზანმიმართულად ცდილობენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად, ადამიანებს პარკირებაში 800 ლარის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, თბილისში ორი ტიპის პარკირების სისტემა მოქმედებს და აქამდე იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირებაა, სააბონემენტო სისტემა არ ვრცელდებოდა.

„ერთი არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ახლა ინერგება, ყველა ქუჩაზე ჯერ არ არის გავრცელებული, თუმცა გვაქვს უბნები, რაიონები და კონკრეტული ქუჩები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, რაც კარგია. ეს ინერგება, გვინდა, მთელი ქალაქის მასშტაბით შევძლოთ ამ ყველაფრის განხორციელება. ასევე, საათობრივი საფასურის გარეშე არის 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება არ არის. ადამიანი იხდის 50 ლარს და მუნიციპალური საპარკინგე ადგილების გამოყენება შეუძლია წლის განმავლობაში, ღირებულება არის 50 ლარი, მაგრამ ეს არ ვრცელდება ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული ერთლარიანი გადასახადის გარდა, ჩვენ შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა. ესე იგი, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ერთი ლარი, რომელიც არის საათის ღირებულება, რჩება. გარდა ამისა, შემოგვაქვს სააბონემენტო პაკეტები, რომელსაც, უნდა იყიდის ადამიანი, უნდა არ იყიდის. ბიზნესსექტორის მხრიდან იყო ძალიან დიდი თხოვნა, თავიანთი თანამშრომლებისთვის ჰქონოდათ შესაძლებლობა, შეესყიდათ ასეთი პაკეტები. თუ ადამიანი დათვლის, ყოველდღიურად და წლის განმავლობაში რამდენი უჯდება, ეს პაკეტები ბიზნესსექტორისთვის მისაღებია. ვისაც სურვილი აქვს, იყიდის, გამოიყენებს, ვისაც არ აქვს სურვილი, არანაირი ძალდატანება არ არის. ეს არის სიმართლე, რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.