კაია კალასი - ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას, ევროპის თავდაცვის გაძლიერების ადვოკატირებას
კაია კალასი - ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას, ევროპის თავდაცვის გაძლიერების ადვოკატირებას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანის შემდეგ ამბობს, რომ არ გაჩუმდება და გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას.

კალასის თქმით, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია, არამედ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კარგად იქცევა, როცა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი თავის რეპრესიებს ფარავდა ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებით. ეს ვიცი ჩემი ოჯახის ისტორიიდან, როდესაც ბებია და დედაჩემი ციმბირში გადაასახლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დაკავების ორდერი გასცა“, – განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, კრემლში ჰგონიათ, რომ ეს მეთოდები ისევ მუშაობს, მაგრამ ასე არ არის და პირიქითაც კია.

„მე გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას. გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაძლიერების ადვოკატირებას“, – განაცხადა კალასმა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე და სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზე ძებნა გამოაცხადა. ამის მიზეზად კი მოსკოვში საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურება სახელდება.