კაია კალასი - წინადადებები დევს მაგიდაზე, მათ შორის საქართველოს საკითხი, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, ვროკავშირის სამიტზე დისკუსიის მეორე ნაწილი ეხება ევროკავშირის გაფართოებას, როგორ უნდა დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.
მისივე განმარტებით, ვიქტორ ორბანის პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების შესაძლებელობას ვერ ხედავს, თუმცა კვლავ ეცდებიან მის დარწმუნებას.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ესტონეთმა გასულ კვირას დადო პირობა, რომ სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას გრძელვადიანად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 0,25%-ით, რასაც დაემატება მოკლევადიანი სამხედრო დახმარება. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეეძლოს გამარჯვება ამ ომში. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე დისკუსია გვექნება. ეს ეხება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას 50 მილიარდი ევროთი და ჩვენ უნდა მივიღოთ ამ საკითხზე შეთანხმება. მეორე ნაწილი დისკუსიისა ეხება ევროკავშირის გაფართოებას. როგორ უნდა დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. ამ თემაზე გრძელი დისკუსია გველოდება. ახლახან ვესაუბრე ვიქტორ ორბანს, მან მითხრა, რომ ის ამ ეტაპზე შეთანხმების შესაძლებელობას ვერ ხედავს. ჩვენ კიდევ ვეცდებით მის დარწმუნებას და ჯერ დანებებისთვის მზად არ ვართ“, – განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასის განმარტებით, იმედი აქვს, შეძლებენ შეთანხმებას, სულ მცირე, რამდენიმე ელემენტზე მაინც.
„ევროკომისია გამოვიდა ანგარიშით, რომელიც ეფუძნება დამსახურების პრინციპს, მაგრამ ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. ჩვენ უნდა მივყვეთ ევროკომისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ შეასრულა კრიტერიუმები, რომ მასთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. ეს მოლაპარაკებები კი, რამდენიმე წელი გრძელდება, რაც ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით. მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ახლა, თუმცა ჯერ ძირითად გეგმას მივყვებით, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, შემდეგ შეიძლება განვიხილოთ სხვა შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ განცალკევებულად და ასევე ერთადაც. წინადადებები დევს მაგიდაზე. საქართველოს საკითხი არის მათ შორის, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას. ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა კაია კალასმა.