კაია კალასი - უკრაინისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ევროკავშირში გასაწევრიანებლად
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს განცხადება კაია კალასმა უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთა.
„ევროკომისიამ წარადგინა შვიდი რეკომენდაცია, რომელიც უნდა შესრულდეს. მიმაჩნია, რომ მათი შესრულება უნდა იყოს პრიორიტეტული უკრაინისთვის, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა.
„მიხარია, გაცნობოთ, რომ უკრაინა ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ რეკომენდაციებს და აქტიურად მუშაობს ამ ნაბიჯების შესასრულებლად, ამზადებს საკანონმდებლო აქტებს“, – განაცხადა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქნით, ევროკავშირი უკრაინის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესს ყურადღებით აკვირდება.