კაია კალასი - პუტინისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, თუმცა მეეჭვება, რომ ის პირდაპირ დაესხმება თავს ფინეთს ან შვედეთს
პუტინს კარგად გამოსდის მუქარა. მას მუქარები ადრეც გამოუთქვამს, ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სიახლე, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა აღნიშნა, რომელიც შვედეთსა და ფინეთთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი პირდაპირ დაესხმება თავს ფინეთს ან შვედეთს, თუმცა იქნება კიბერ და ჰიბრიდული თავდასხმები.
„ჩვენ უნდა ველოდოთ გარკვეულ სიურპრიზებს პუტინისგან, თუმცა მეეჭვება, რომ ის პირდაპირ დაესხმება თავს ფინეთს ან შვედეთს. ჩვენ ნამდვილად ვიხილავთ კიბერთავდასხმებს, ჰიბრიდულ თავდასხმეს, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ დაიწყოს კონვენციური ომი“, – განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან, კაია კალასმა ისაუბრა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით. კალასის შეფასებით, მნიშვნელოვანია დაგეგმვა და მისი განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვა.
„დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 360-გრადუსიანი თავდაცვის გეგმაზე. გუშინ მივიღეთ ძალიან კარგი გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ ფლანგთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, პლუს ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება, რაც არის ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ სხვა საფრთხეებზე, ყველაზე ასიმეტრიულ საფრთხეებზე, როგორიცაა ტერორიზმი და ვისაუბრებთ, სად ვართ დღეს ამ კუთხით. სწორედ ამიტომ არის ესტონეთი სამხრეთ მეზობლებთან ერთად საჰელის რეგიონში ამ საკითხების გადასაწყვეტად. მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენი წუხილები მოსმენილია და გუშინ ყველა შეთანხმდა, რომ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა მეტი ჯარისკაცი, წინასწარი აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია გეგმების შექმნა და მისი განხორციელება, რომ შევძლოთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვა“, – აღნიშნა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ აქვთ, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული იქნებიან, სარკისებურად უპასუხონ“.