კაია კალასი „პოლიტიკოს“ სტატიას, რომ ესტონეთის პრემიერი „საუზმეზე რუსებს მიირთმევს“, სოციალურ ქსელში საკუთარი საუზმის ფოტოთი გამოეხმაურა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა უარყო „პოლიტიკოს“ ინფორმაცია, რომ „საუზმეზე რუსებს მიირთმევს“. საქმე ეხება გავლენიანი გამოცემის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ევროპელი მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ „ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელად არ დანიშნავენ, რადგანაც ის ხისტი ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა და შეიძლება ითქვას, რომ „საუზმეზე რუსებს მიირთმევს“. საპასუხოდ, 5 მარტს, დილით ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „X-ში“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მისი საუზმეა აღბეჭდილი.
ამ ჩანაწერს იუმორით გამოეხმაურა „პოლიტიკოს“ რედაქცია, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მათ ვერ დაადასტურეს, რა ესხა კაია კალასის ჭიქაში – თაფლი ლიმონით, მწვანე ჩაი თუ რუსეთის იმპერიალისტური ცრემლები“.
ამასთან „პოლიტიკო“ იუმორით წერს, რომ „უცნობია, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მუდამ შვრიით საუზმობს თუ ხანდახან მაინც მიირთმევს რუსებს“.
მანამდე გამოცემა წერდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები მიისწრაფვიან, რომ ევროკავშირისა და ნატო-ში მაღალ თანამდებობებზე მათი წარმომადგენლების რიცხვი გაიზარდოს. ამ პუბლიკაციაში ასევე ნახსენებია, რომ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს დისკუსია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პოსტზე ჯოზეფ ბორელი, შესაძლოა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ჩაანაცვლოს.
ცნობისთვის, 15 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებამ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა. ამის მიზეზად კრემლში „საბჭოთა ძეგლების განადგურება დაასახელეს“. მანამდე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ესტონეთის ქალაქ ნარვაში საბჭოთა დროინდელი ძეგლი აიღეს.