კაია კალასი  - ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომებს შორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ
კაია კალასი - ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომებს შორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ

ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომებს შორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს რუსეთის სამიზნე, თუ უკრაინა ომში დამარცხდება.

„ჩვენ თუ არ გვინდა, ეს ომი უფრო შორს წავიდეს, ნამდვილად უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს თავის დაცვაში. აშკარად არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაც დგას სასწორზე. ჩვენ ნამდვილად თუ დავეხმარებით უკრაინას, არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, ვინ იქნება შემდეგი, მაგრამ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ რამდენიმეწლიანი პაუზა იქნება და ჩვენ ამას უფრო ფართო მასშტაბით დავინახავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვახორციელებთ ინვესტიციას თავდაცვაში“, – განაცხადა კაია კალასმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა „რამშტაინის“ კოალიციის ქვეყნებს, რომლებიც მოიცავს ნატო-ს წევრებს, ევროკავშირს და მსოფლიოს 15 სხვა სახელმწიფოს, თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 პროცენტი დახარჯონ უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, რაც დიდ წვლილს შეიტანს უკრაინის რუსეთზე გამარჯვებაში.