კაია კალასი - ევროპას სამიდან ხუთ წლამდე აქვს დრო რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოსამზადებლად
ევროპას სამიდან ხუთ წლამდე აქვს დრო რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
კალასმა ესტონეთის დაზვერვის შეფასებაზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს, უკრაინაში ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში, სამი-ხუთი წელი დასჭირდება ნატო-ს აღმოსავლეთის წევრი ქვეყნების საზღვარზე სამხედრო საფრთხის აღსადგენად.
„ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ ერთიანობას და პოზიციას უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება პაუზა და ეს პაუზა არის იმისთვის, რომ მოაგროვოს თავისი რესურსი და ძალა. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, შესაბამისად, სისუსტე იწვევს რუსეთს“, – განაცხადა კალასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს და რუსეთს ჩამოართვას შესაძლებლობა, დაემუქროს მეზობლებს.
ამასთან, კალასის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-მ უნდა მიიღოს ცივი ომის სტილის სტრატეგია რუსეთის „შესაკავებლად“, რომელიც მოიცავს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას.
„რუსეთს არასოდეს წაუგია თავისი ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ, გავიგო, როგორ შეიძლება გავარღვიოთ ეს ისტორიული წრე და ამის მთავარი ელემენტია პასუხისმგებლობა. ისინი არასდროს აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა კალასმა.