კაია კალასი - ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობაზე საუბარი ახლა, რომ შევქმნათ მყარი მშვიდობა მომავალში და დასრულდეს რუსეთის იმპერიალისტური ოცნებები
გუშინ გვქონდა დისკუსია და მოვისმინე, რომ ბევრ ქვეყანას, უკრაინის გარდა, აქვს ბირთვული შიში, სკეპტიციზმი, რომ ლავროვს და პუტინს პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ, ვერ შევქმნით საერთაშორისო ტრიბუნალს, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბირთვული საფრთხე იქნება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, ყველამ უნდა იფიქროს, რა იქნება ომის შემდგომ.
„ჩვენ თუ ვერ ვისაუბრებთ პასუხისმგებლობაზე, არა მარტო ომის დანაშაულებზე, არამედ ლიდერების დანაშაულებზეც, რომლებიც უნდა იყოს გამოძიებული ტრიბუნალის მიერ, თუ ვიფიქრებთ მხოლოდ ომზე და არ ვიფიქრებთ, რა იქნება ომის შემდგომ, ომი დასრულდება და პასუხისმგებლობის თემაც ჩაივლის, ყურადღებას აღარავინ მიაქცევს, ომი დასრულდა, მოდი, ცხოვრება გავაგრძელოთ, მაშინ განმეორდება იგივე, რაც ისტორიაში მრავალგზის გვინახავს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობაზე საუბარი პარალელურ რეჟიმში და ამის კეთება შეგვიძლია ახლა, იმისთვის, რომ შევქმნათ მყარი მშვიდობა მომავალში და დასრულდეს რუსეთის იმპერიალისტური ოცნებები, არ ვსაუბრობ მხოლოდ პუტინზე, პუტინის გარეშე ვსაუბრობ რუსეთზე, როგორც ერზე“, – განაცხადა კაია კალასმა.