კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში აქციაზე გამოსვლის საკითხი მასთან წინასწარ არ განუხილავს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში აქციაზე გამოსვლის საკითხი მთავრობასთან წინასწარ არ განუხილავს.
კალასმა უპასუხა დეპუტატ ლაური ლაატსის კითხვას, რომელმაც პრემიერს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა ეს მინისტრის მხრიდან სათანადო ქცევად და იყო თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ნაბიჯი წინასწარ შეთანხმებული. კერძოდ, დეპუტატმა აღნიშნა: „მარგუს ცაჰკნამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ დემონსტრაციაში. წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ სხვა ქვეყნის, მაგალითად, საქართველოს ან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ჩვენთან, კაია კალასის მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე, რაც, მარინა კალიურანდის სიტყვებით რომ ვთქვათ, ველურობას ჰგავდა, როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია? ასევე მაინტერესებს, ეს შეთანხმებული იყო თუ არა მთავრობასთან?“
„განიხილა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო აქციაზე დასწრება? არა, არ განუხილავს ეს საკითხი, მაგრამ, რაც ცხადია, არის ის, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი რეფორმებთან მიმართებაში იღებენ, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის შიდა ქართული საკითხი. აქ, რეალურად, მთელი ევროკავშირის სანდოობა დევს სასწორზე.
მე არ განვსჯი ამ პერფორმანსს. რა თქმა უნდა, სტილი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი, რომ ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვფიქრობ, ეს სწორია, რომ ვაჩვენოთ, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის“, – განაცხადა კალასმა.
ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს 15 მაისს მიმართეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის კანონიერი ადგილი ევროპაშია. მან აღნიშნა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას მიეკუთვნება და რა ღირებულებებს იზიარებს.
ამასთან, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის შეფასება ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 17 მაისს გაავრცელა – „მარგუს ცაკჰნა სწორად მოიქცა, როდესაც საქართველოში საპროტესტო აქციებს, ოპიზიციას და ხალხს ქუჩაში მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა, მე ვნახე რამდენიმე ფოტო, სადაც ის, არ ვიცი, როგორ ვთქვა ზრდილობიანად, საკმაოდ ველურად გამოიყურება“.