კაი კაარელსონი - მოვლენები, რომლებსაც გუგუტიანთკარში ვუყურებთ, უკიდურესად შემაშფოთებელია
კაი კაარელსონი - მოვლენები, რომლებსაც გუგუტიანთკარში ვუყურებთ, უკიდურესად შემაშფოთებელია

მოვლენები, რომლებსაც დღეს აქ ვუყურებთ, უკიდურესად შემაშფოთებელია არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგების გამო, რაც მცოცავ ანექსიას გულისხმობს, არამედ ასევე ჰუმანიტარული კუთხითაც, – ამის შესახებ  საქართველოში ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა გუგუტიანთკარში განაცხადა.

„როგორც იცით, ესტონეთი საერთაშორისო სამართლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, მოვლენები, რომლებსაც დღეს აქ ვუყურებთ, უკიდურესად შემაშფოთებელია არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგების გამო, რაც მცოცავ ანექსიას გულისხმობს, არამედ ასევე ჰუმანიტარული კუთხითაც“, – განაცხადა კაი კაარელსონმა.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა საქართველოს მთავრობის მოქმედებები, ელჩმა აღნიშნა: „ჩემთვის ძალიან  რთულია იმის შეფასება, თუ რა ნაბიჯები უნდ გადადგას საქართველოს მთავრობამ. ვფიქრობ, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების სრული ყურადღება“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. გუგუტიანთკარში ჩავიდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოში ავსტრიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ლატვიის ელჩები.

ამასთან, ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფოტრმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ისინი დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს აცნობენ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალვ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.