მიმდინარე სეზონში სამტრედიამ პირველი მარცხი იწვნია. კახა კაჭარავას გაწვრთნილები მუხიანის სპორტულ კომპლექსში გაგრას ესტუმრნენ და 0:1 დამარცხდნენ. ერთად-ერთი გოლი 84-ე წუთზე ბექა ნიკოლაშვილმა გაიტანა.
განმუხურში ზუგდიდმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველად გაიმარჯვა – 2:0. ანგარიში მე-60 წუთზე ლუქმან გილმორმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე ბექა ზაქრაძემ დააფიქსირა.
ფოთის კოლხეთმა ზედიზედ მეხუთედ წააგო. ფოთის პარკი-არენაზე მასპინძლები ცხინვალთან 24-ე წუთზე თენგიზ გოროზიამ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და 4:1 მოიგეს. ამაში გადამწყვეტი როლი დათა სიჭინავამ ითამაშა: მან მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო (71, 87), ორჯერ კი საგოლე გადაცემა გააკეთა – თავი ანდრეი ჩოლაკუმ (47) და გიორგი ბუხაიძემ (55) გამოიჩინეს.
ყველაზე დრამატული კი სპაერის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა გამოდგა, სადაც თბილისის მერანმა თელავს უმასპინძლა. უკვე მეოთხე წუთზე მასპინძლების მცველი გივი ქარქუზაშვილი გააძევეს. ამით სტუმრებმა ისარგებლეს და დიმიტრი ტატანაშვილისა (5, პენალტი) და დმიტრო პუდის (22) გოლებით 0:2 დაწინაურდნენ. მაგრამ მერანმა სასწაული შეძლო და რაფაელ ჩუკვურასა (50) და გიორგი ნიქაბაძის (56) გოლებით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 61-ე წუთზე ნიქაბაძემ დუბლი გააფორმა და მერანმა 3:2 მოიგო.
ამ გამარჯვებით მერანმა 16 ქულა დააგროვა, სამტრედიას ორი ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა, ხოლო ცხინვალი 13 ქულით მესამეზე დაწინაურდა. 3-3 ქულით ბოლო ადგილებზე გამორჩეული ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბები, გურია და კოლხეთი მოხვდნენ.