ჯულიან სმიტი - ბუქარესტის სამიტზე ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, არამედ ისიც, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, საქართველო უკვე არის ნატო-ს წარმოუდგენლად ახლო პარტნიორი
ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ალიანსთან უნიკალური პარტნიორობის საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება. ამის შესახებ ჯულიან სმიტმა ვიდეოპორტალ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, რომელშიც ის ვილნიუსში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო უკვე არის ნატო-ს წარმოუდგენლად ახლო პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ, ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე ალიანსთან“, – აცხადებს ჯულიან სმიტი.