ჯულიან სმითი აცხადებს, აშშ-მა რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ პოტენციური ნაბიჯების შესახებ განცხადებები უნდა გადაამოწმოს
ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ პოტენციური ნაბიჯების შესახებ განცხადებები უნდა გადაამოწმოს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„როგორც აღვნიშნეთ, რუსეთი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დეესკალაციისთვის. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. უნდა გადავამოწმოთ, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სმიტის თქმით, ანალოგიური განცხადება ოფიციალურმა მოსკოვმა დეკემბრის დასაწყისშიც გააკეთა, თუმცა ის მცდარი აღმოჩნდა.
„როდესაც გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, მცდარი აღმოჩდა. და მას შემდეგ მხოლოდ იმას ვხედავთ, როგორ მიემართება რუსეთის ჯარი საპირისპირო მიმართულებით“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების ნაწილი ბაზებს უბრუნდება. პესკოვის თქმით, ეს „ნორმალური პროცესია“ სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას.