ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს უწყების ბიუჯეტის ზრდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა.
ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედროების გეგმურ სწავლებას დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც სამხედროებს პირადად გაესაუბრა.
თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „ჯარისკაცზე ზრუნვის“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ანაზღაურება 2023 წლიდან კიდევ 20%-ით გაეზრდებათ, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი, პროპორციულად, თავდაცვის უწყების ყველა მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას მოემსახურება.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.