ჯუანშერ ბურჭულაძემ აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზა მოინახულა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობას განაგრძობს. მინისტრი ლოჯისტიკის ცენტრ (დასავლეთი) მეშენახვის განყოფილების სამხედრო ბაზაზე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა ადგილზე მოინახულა ორსართულიანი ყაზარმა, რომელსაც შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დასრულდა სასადილოს შენობის რემონტი და ბაზის გარე პერიმეტრის შემოღობვა.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძე, მოადგილესთან ზურაბ აზარაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე ყაზარმების, საქვაბეს, საკონტროლო გამშვები პუნქტის და სპორტული დარბაზის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, აქტიურ პროცესშია სველი წერტილების სრულად აღჭურვა და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დასრულებულია სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა. უახლოეს პერიოდში გარე განათების სრული რეაბილიტაცია მოხდება და კეთილმოეწყობა ბაზის ტერიტორია.