ჯუანშერ ბურჭულაძე - ზოგიერთის მხრიდან პირდაპირ ითქვა, რომ ისურვებდნენ, საქართველო ჩართულიყო ომში, ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ, ამის ყველაზე კრიტიკული ფაზა გავიარეთ, თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ
ჯუანშერ ბურჭულაძე - ზოგიერთის მხრიდან პირდაპირ ითქვა, რომ ისურვებდნენ, საქართველო ჩართულიყო ომში, ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ, ამის ყველაზე კრიტიკული ფაზა გავიარეთ, თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ

მულტიკულტურალიზმი შეიძლება, იყოს გლობალიზაციის ნაწილი, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად აქტუალურია უსაფრთხოების აქამდე არსებული არქიტექტურა დღეს და შეიძლება თუ არა, ამან კონცეპტუალურად შეცვალოს საქართველოს ხედვა უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, დღეს, როდესაც მსოფლიოში უსაფრთხოების კონტექსტზე საუბრობენ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, როგორი იქნება შემდგომი სამყარო და რამდენად იქნება ის იმ დონეზე გლობალისტური, როგორიც აქამდე იყო, თუ უფრო დავიწროება მოხდება რეგიონალური თანამშრომლობის დონეებამდე.

„ვაჟას დავესესხები და კოსმოპოლიტიზმს არ ეწინააღმდეგება პატრიოტიზმი. ამ შემთხვევაში მინდა, ანალოგი გავაკეთო, რომ მულტიკულტურალიზმი შეიძლება, იყოს გლობალიზაციის ნაწილი, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. ზოგადად, მგონია, რომ ეს რთული და ფილოსოფიური კითხვაა, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულწილად, მულტიკულტურალიზმს აქვს პერსპექტივა, თუმცა არ ვიცი, როგორ განვითარდება სამყარო. ეს ძალიან რთული განსაჭვრეტია. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ჩვენ ვმოქმედებთ ყველაზე საუკეთესო ტაქტიკით, ჩვენი ქმედება არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ამაში საზოგადოებაც მხარს გვიჭერს. პირიქით, მიმდინარე პროცესებშიც ეს გამოჩნდა, რომ ამ მოცემულობაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილების შედეგია, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა ქვეყანაში და განვითარება არის ისეთი დონის, რაც დღეს ძალიან იშვიათია სამყაროში“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად იყო რეალისტური მეორე ფრონტის გაჩენა საქართველოსთან მიმართებაში და რამდენად ნეიტრალიზებულია დღეს ეს საფრთხე, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები იყო და ამას ვერავინ უარყოფს.

„იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ახლა აწარმოებს ომს რეგიონში, ბოლო დეკადებში სამჯერ გვქონდა ომი და როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყო ასეთი საფრთხის წინაშე? ისიც არ არის დაფარული, რომ გარკვეული ჯგუფები ამას ისურვებდნენ. ზოგიერთის მხრიდან პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ ისურვებდნენ, საქართველო ჩართული ყოფილიყო ამ ომში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ, ამის უფლება არ გვაქვს. ჩემი აზრით, იმას, რომ ჩვენ ეს შეცდომა დაგვეშვა, არ გვაპატიებდა არც ისტორია და არც საზოგადოება. ასე რომ, ჩვენ ამის ყველაზე კრიტიკული ფაზა გავიარეთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, უსამართლოა იმაზე ფიქრი და მით უმეტეს, გაჟღერება, რომ ომში ჩაებას საქართველო, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან რამდენიმე ომი გადაიარა.

„საქართველო რუსეთთან 13 თვე იყო ომში და შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ ტოტალური თავდაცვით. გარდა ამისა, კიდევ სამი ომი გვქონდა. გვქონდა ასევე შიდა ომი, 2004 წელს, მაგალითად. თავისუფლად შეიძლება, 2004 წლის მოვლენები შეფასდეს, როგორც ომი, მოკლევადიანი, ორი დღე, თუმცა იყო ჩვეულებრივი ომი, როგორც 2008 წელს. ის მასშტაბები არ ჰქონდა, თუმცა თავისუფლად შეიძლება, ომის კვალიფიკაცია მისცემოდა. ამ ფონზე სურვილი, რომ ჩვენ ომში ჩავერთოთ, ძალიან ცუდია. იგივე ხალხი, რომელიც ისურვებდა, ჩვენთან მეორე ფრონტი ენახა, ახლა ემუქრება საქართველოს მოქალაქეს, ვინც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 80% გადაარჩინა და ააღორძინა. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან და იმის გაგრძელებაა, რომ ჩვენ ჩავერთოთ და ჩავრთულიყავით ომში. ეს  მინიმუმ, ძალიან უსამართლოა, რომ ამას ფიქრობდეს ვინმე და მით უმეტეს, აჟღერებდეს. ჩვენ ჩვენი ასე ვთქვათ, ფასი გადავიხადეთ. ჩვენ რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა, ვგულშემატკივრობთ და დახმარებას ვუწევთ უკრაინელებს, მაქსიმალურად, ყველა დონეზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რუსეთის ინტერესში ყოფილიყო საქართველოს მიმართულებით მეორე ფრონტის გახსნა, რაც მის ძალებს დაქსაქსავდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, რუსეთს დღეს მეორე ფრონტის გაშლის სურვილი არ ექნება, თუმცა ამის პროვოცირება ძალიან მარტივია და ამიტომ სჭირდებოდა დიდი ძალისხმევა იმ პერიოდის გადაგორებას, სიფხიზლე კი დღესაც გვმართებს, რომ ამ ომის პროვოცირება და ესკალაცია არ მოხდეს.